ირაკლი კობახიძე - ვალდებული ვართ, უსამართლო განცხადებას არგუმენტირებული პასუხით გამოვეხმაუროთ, დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები აირჩევიან უპრეცედენტოდ გამჭვირვალე პროცედურის საფუძველზე, რომელსაც ანალოგი არ აქვს ევროკავშირის წევრ არც ერთ ქვეყანაში და არც აშშ-ში
ირაკლი კობახიძე - ვალდებული ვართ, უსამართლო განცხადებას არგუმენტირებული პასუხით გამოვეხმაუროთ, დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები აირჩევიან უპრეცედენტოდ გამჭვირვალე პროცედურის საფუძველზე, რომელსაც ანალოგი არ აქვს ევროკავშირის წევრ არც ერთ ქვეყანაში და არც აშშ-ში

მე გავაკეთე ჩემი ექსპერტული განცხადება, რომ 5%-იანი ბარიერი არავითარ რისკს არ ქმნის, არც ტირანიის და არც ავტოკრატიის ჩამოყალიბებისთვის, და პირიქით, ამას გამორიცხავს, – განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“.

„მთავარი ხომ ფაქტებია?! როდესაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობაში 5%-იანი ბარიერი მოქმედებს და ტირანია არსად არის ჩამოყალიბებული, ეს მარტივი ფაქტობრივი მოცემულობაა“, – განაცხადა კობახიძემ.

გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, რას უპასუხებს აშშ-ის ელჩის განცხადებას, რომ 5%-იანი ბარიერის შემთხვევაში დიდი შანსია, პარლამენტში ორი, ან მაქსიმუმ სამი პარტია შევიდეს, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ აშშ-ში, პარლამენტში მუდმივად ორი პოლიტიკური პარტიაა წარმოდგენილი და ეს არის ამერიკული დემოკრატიის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი.

„იქ ტირანიაზე არავინ საუბრობს, ბუნებრივია. მუდმივად ერთმანეთს ცვლიან „დემოკრატები“ და „რესპუბლიკელები“, და ეს არის აბსოლუტურად ჯანსაღი სისტემა. ამერიკული დემოკრატიული სისტემის სტაბილურობის ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი არის სწორედ ეს ორპარტიული სისტემა, რომელიც სწორედ საარჩევნო სისტემის წყალობით არის შექმნილი. ამიტომ, ესეც არის არგუმენტი. როდესაც კონკრეტული ქვეყნის წარმომადგენელი საუბრობს იმაზე, რომ ორპარტიული მოცემულობა ტირანიას ნიშნავს, ნუ, ორპარტიული მოცემულობა გვხვდება არაერთ დემოკრატიულ ქვეყანაში და პირველ რიგში, აშშ ამის საუკეთესო მაგალითია. ეს შემთხვევითობა კი არ არის, რომ ამერიკულ სისტემაში ორი პარტიაა წარმოდგენილი, ეს მოცემულობა შეგნებულად შეიქმნა ორ საუკუნეზე მეტი ხნის წინ და სწორედ ამან განაპირობა ამერიკული დემოკრატიის სტაბილურობა“, – განაცხადა კობახიძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რატომ მოხშირდა ბოლო პერიოდში სხვადასხვა საკითხზე, მაგალითად, მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ მხრიდან დასავლელი პარტნიორებისა და მათ შორის, ელჩის კრიტიკა და რატომ ხდება ამ ყველაფერზე ელჩებთან საჯარო გაბაასებები, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ როდესაც საჯარო განცხადება კეთდება, ამას, რა თქმა უნდა, საჯარო გამოხმაურება სჭირდება.

შეკითხვაზე, რატომ არ გამოიყენება, მაგალითად, ასეთი პრაქტიკა, რომ ნებისმიერ ქვეყანაში, თუ ელჩი საკუთარ თავს უფლებას მისცემს და შიდა პოლიტიკურ საკითხზე განცხადებას გააკეთებს, მას აუცილებლად დაიბარებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში და ნოტას გადასცემენ, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ მმართველი პარტია ამ სიღრმეში არ შედის და ეს სწორიც არის.

„კეთდება საჯარო განცხადება და თუ ჩვენ მივიჩნევთ, რომ ეს განცხადება არის არასამართლიანი, რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით ჩვენს პოზიციას ვაფიქსირებთ. მაგალითად, იმავე მოსამართლეებს რაც შეეხება, დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები აირჩევიან უპრეცედენტოდ გამჭვირვალე და დეტალური პროცედურის საფუძველზე, რომელსაც ანალოგი არ აქვს ევროკავშირის წევრ არც ერთ ქვეყანაში და არც აშშ-ში. სამართლებრივად, აქ მოსადავებელი არაფერი არ არის. ბევრად მარტივი პროცედურებია, რაც უამრავ ქვეყანაშია დადგენილი და მათ შორის, აშშ-შიც, სადაც პრეზიდენტი წარადგენს, სენატი ირჩევს და დამთავრდა. ანუ, ყოველგვარი განსაკუთრებული პროცედურის გარეშე, ჩვენთან კი, პარლამენტში ბევრად დეტალური შეკითხვებიც დაისმის, როცა მოსამართლეების მოსმენა ხდება და მთლიანი პროცედურაა ბევრად გამჭვირვალე და დეტალიზებული. ამიტომ, ვიმეორებ – თუ რაღაც შეფასება არის უსამართლო, ჩვენ ვალდებული ვართ, ასეთ უსამართლო განცხადებას ჩვენი შესაბამისი, არგუმენტირებული პასუხით გამოვეხმაუროთ და ეს არის აბსოლუტურად ჯანსაღი მოვლენა“, – განაცხადა კობახიძემ.

შეკითხვაზე, აქვს თუ არა მმართველ გუნდს პირდაპირი კომუნიკაცია ელჩებთან იმისთვის, რათა გაიგოს, ამ ტიპის განცხადებები რატომ კეთდება, კობახიძემ აღნიშნა, რომ ხელისუფლებისთვის მთავარია, მართალი იყოს, ხოლო ელჩებთან კომუნიკაცია მმართველ გუნდს ყველა ფორმით აქვს, არა მხოლოდ საჯაროდ, არამედ არასაჯაროდაც, თუმცა, ხანდახან, ხდება ხოლმე საჯარო განცხადებებიც.

„ჩვენთვის მთავარია, ვიყოთ მართლები და ჩვენს სიმართლეს ვამბობთ ხოლმე საჯაროდ. ბარიერთან დაკავშირებით ვართ მართლები, მოსამართლეებთან დაკავშირებით ვართ მართლები, 19 აპრილის შეთანხმების ანულირებასთან დაკავშირებით ვართ მართლები, ყველაფერთან დაკავშირებით ვართ მართლები. შესაბამისად, ჩვენთვის მთავარია სიმართლე, და თუ კიდევ იქნება უსამართლო განცხადება, რა თქმა უნდა, ჩვენგან კიდევ ერთხელ იქნება სათანადო პასუხი“, – განაცხადა კობახიძემ.

გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, გადაწყვიტა თუ არა მმართველმა პარტიამ, რომ საკუთარ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩების განცხადებათა სისწორე აღარ აინტერესებს, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პირიქით – მმართველ გუნდს სწორედ სისწორე აინტერესებს.

„სადაც ობიექტური კრიტიკა იქნება, იქ, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად ყველა შემთხვევაში გავყვებით ამ კრიტიკას, მაგრამ თუ მიგვაჩნია, რომ კრიტიკას არ აქვს ობიექტური საფუძველი, რა თქმა უნდა, ჩვენ ვალდებული ვართ, ამას საჯაროდ გამოვეხმაუროთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.