ირაკლი კობახიძე - კლანური მმართველობაა, როდესაც მოსამართლის მიერ განხილული საქმე არ მოგწონს, იბარებ, ანგარიშს სთხოვ და მერე სჯი
ირაკლი კობახიძე - კლანური მმართველობაა, როდესაც მოსამართლის მიერ განხილული საქმე არ მოგწონს, იბარებ, ანგარიშს სთხოვ და მერე სჯი

კლანური მმართველობა ეს არის, როდესაც მოსამართლის მიერ განხილული საქმე არ მოგწონს, იბარებ, ანგარიშს სთხოვ და მერე სჯი, – განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“.

„წარმოდგინეთ, რომ არის რაღაც კონკრეტული საქმე, რასთან დაკავშირებითაც შეიძლება, არსებობდეს განსხვავებული მოსაზრებები. შეიძლება, მე არ მომწონდეს განაჩენი ვიღაცის მიმართ. მათ შორის, იმის გამო, რომ ჩემი პოლიტიკური გუნდის წევრის, ან ყოფილი წევრის მიმართ იყოს და ა.შ. წარმოიდგინეთ, ამის გამო მე ვიბარებ მოსამართლეს, ანგარიშს ვთხოვ, ვეკითხები, რატომ გამოიყენა ესა თუ ის სასჯელი და ამის მერე რაღაცას ვუკრძალავ. არც ვიცი, ეს რამდენად შეიძლება, იყოს სადისკუსიო თემა. ეს არის საქართველოს კონსტიტუციის უხეში დარღვევა, ხოლო როცა ამას საელჩოს თანამშრომელი აკეთებს, ეს არის ვენის კონვენციის პირდაპირი, უხეში დარღვევა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს არის სასამართლოს დამოუკიდებლობის ფუნდამენტური პრინციპის დარღვევა. ვიღაცებს ხომ პირზე აკერიათ ეს ტერმინი, კლანი და კლანი თუ რამეა, ეს არის ზუსტად კლანური მმართველობა, როდესაც ვიღაცის მიერ განხილული საქმე არ მოგწონს, იბარებ, ანგარიშს სთხოვ და მერე სჯი. აი, ეს არის კლანური მმართველობა“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, როდესაც მოსამართლის მხრიდან არის ბრალდება, რომ მასზე განხორციელდა ძალიან უხეში ზეწოლა, პირდაპირ ჩარევა და ამაზე ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან კითხვები ისმება, ეს შეურაცხყოფა და თავდასხმა არ არის.

„ჩვენ ველოდით, რომ ელჩი გამოვიდოდა და იტყოდა – მოვიკვლევ, იმედია, არ მომხდარა და ვნახავ, მოვიძიებ რა ხდებაო. მინიმუმ, ეს უნდა ეთქვა. ამის მაგივრად ჩვენ აბსოლუტურად განსხვავებული პასუხი მოვისმინეთ. როდესაც მოსამართლე საელჩოს თანამშრომელს ბრალს სდებს ზეწოლაში, თან ელჩის სახელით, აქ კითხვის დასმა არათუ თავდასხმა არ არის, ეს არის ჩვენი ვალდებულება ჩვენი ქვეყნის, სახელმწიფოს წინაშე, მათ შორის, ჩვენი ამომრჩევლის, საქართველოს მოსახლეობის წინაშე. ჩვენ თუ ამ სახელმწიფოს ღირსებას და სუვერენიტეტს არ გავუფრთხილდით, მერწმუნეთ, სხვა არავინ გაუფრთხილდება“, – განაცხადა კობახიძემ.

შეკითხვაზე, რა ბერკეტი არსებობს იმის შესაფასებლად, რეალურად ჰქონდა თუ არა ადგილი ამ ტიპის შეხვედრას საელჩოს თანამშრომელსა და მოსამართლეს შორის, რაც მოსამართლე ჩხიკვაძემ ზეწოლად ჩათვალა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ამ დისკუსიას პოლიტიკური მიზეზების გამო არ გააღრმავებს.

„მაინც, რაღაცებს რომ მოვუფრთხილდეთ, ამ შემთხვევაშიც შეიძლება, ღრმად არ შევიდეთ. რაღაც დონეზე აუცილებლად არის სახელმწიფო დასაცავი და პოზიცია დასაფიქსირებელი, მაგრამ ზედმეტად ღრმად შეიძლება, არ შევიდეთ. აქ ერთი რამ არის მნიშვნელოვანი, მომავალში ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს დაშვებული. ამის პრევენციაზე ზრუნვა არის ჩვენი პასუხისმგებლობა. მათ შორის, კანონში თუ რამე ხარვეზია, ეს უნდა გასწორდეს“, – განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძემ ასევე განაცხადა, რომ მმართველმა გუნდმა თავიდან სცადა, აშშ-ის საელჩოს იმიჯი მაქსიმალურად დაეცვა.

„ვამბობდით, რომ ამას საელჩო არ იკადრებდა, ვიდრე „ნაცმოძრაობის“ ტელევიზიები ამ თემას სწევდნენ, ჩვენ მუდმივად ვამბობდით, რომ საელჩო არ იკადრებდა. პირველ რიგში, იმიტომ, რომ ვუფრთხილდებოდით საელჩოს რეპუტაციას. ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორია და მისი საელჩო არის ჩვენგან გასაფრთხილებელი, თუ საელჩოს თანამშრომელი არ უფრთხილდება საელჩოს რეპუტაციას, ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ“ , – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.