ირაკლი ხმალაძე -  სასტუმროს პარამეტრებით რესტორნის აშენება მიუღებელია, ოპტიმალური გამოსავალი ადგილმონაცვლეობაა, რაც „ბუდაპეშტის“ წარმომადგენლებს შევთავაზეთ
ირაკლი ხმალაძე - სასტუმროს პარამეტრებით რესტორნის აშენება მიუღებელია, ოპტიმალური გამოსავალი ადგილმონაცვლეობაა, რაც „ბუდაპეშტის“ წარმომადგენლებს შევთავაზეთ

თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ განმარტა, რომ უკანონობაა, როდესაც ვაკის პარკის ტერიტორიაზე სასტუმრო „ბუდაპეშტის“ წარმომადგენლებმა მძიმე ტექნიკა შეიყვანეს და ტერიტორიის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყეს. როგორც ხმალაძემ „ბუდაპეშტის“ წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ერთადერთი სწორი ვარიანტია, რომ მიწის ნაკვეთის ადგილმონაცვლეობა მოხდეს. ხმალაძის განმარტებით, ეს ნიშნავს, რომ მუნიციპალიტეტი კომპანიას შეთავაზებაზე დათანხმების შემთხვევაში, შესაბამისი ღირებულების მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს გადასცემს.

ამასთან, ხმალაძის განცხადებით, ფულადი კომპენსაციის შეთავაზებას არ განიხილავენ. ირაკლი ხმალაძე ფიქრობს, რომ საკითხთან დაკავშირებით პარტნიორები დაილაპარაკებენ და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ.

„პირველ რიგში, ამ შეხვედრის ერთი მიზანი იყო ის, რაც დღეს დილით გააკეთეს. ეს უკანონოა და მსგავსი რამ არ შეიძლება განმეორდეს. მეორე, ჩვენი მხრიდან რაც შეიძლება, რომ მათი უფლებების დაცვისა და კომერციული ინტერესების შენარჩუნების მიზნით იქნას შეთავაზებული, არის, მოხდეს მიწის ნაკვეთის ადგილმონაცვლეობა. ამისთვის მუნიციპალიტეტმა ძალიან ბევრი იმუშავა. შევარჩიეთ მიწის ნაკვეთები და შევთავაზეთ. დღეს რაც მათ გააჟღერეს, რომ ააშენებენ რესტორანს, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს რესტორნის აშენებას, თუ ის სასტუმროს პარამეტრებით უნდა აშენდეს. ჩვენთვის ეს მიუღებელია. ისინი აპელირებდნენ ორი წლის წინ გაჟღერებულ ვერსიას, მაგრამ მინდა, დაგიზუსტო, რომ ორი წლის წინ, როცა მოლაპარაკებას ვაწარმოებდით, მაშინ იყო ნათქვამი რესტორან „ბუდაპეშტის“ აღდგენაზე, რომელიც ათეული წლები იდგა ვაკის პარკში და არა სასტუმროს პარამეტრებით უზარმაზარი ნაგებობის განთავსებაზე.

კიდევ ერთხელ ვამბობ, პირველ რიგში, მნიშვნელობა აქვს, რა ინტენსივობის მშენებლობაზეა საუბარი, მაგრამ ეს პოზიციაც ჩვენთვის დღეს არაფერს წარმოადგენს, რადგან მთელი ამ ხნის განმავლობაში მივედით იქამდე, რომ ერთადერთი სწორი ვარიანტია, მოვახდინოთ მიწის ნაკვეთის ადგილმონაცვლეობა მათივე პოზიციებიდან გამომდინარე. დღეს მუნიციპალურმა ინსპექციამ მყისიერად აღკვეთა უკანონობა. დიდი იმედი მაქვს, რომ ასეთ ქმედებას ადგილი აღარ ექნება.

ჩვენ შეხვედრაზე ვერაფერზე ვერ შევთანხმდით, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, მაინც მგონია, რომ დასხდებიან პარტნიორები, დაილაპარაკებენ. ყველანაირად ვეცადე, მათთვის ამეხსნა, რომ ყველაზე კარგი ვარიანტია, მიიღონ მუნიციპალიტეტის შეთავაზება მიწის ნაკვეთების მონაცვლეობასთან დაკავშირებით.

ფულად კომპენსაციას არ განვიხილავთ მონაცვლეობის დროს, ჩვენ ვთავაზობთ შესაბამისი ღირებულების მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს. ასეთი შეთავაზება კომპანიაზე აქამდეც გაგვიკეთებია და თუ საქმე ეხება იმას რომ რომელიმე ნაკვეთი არ მოსწონთ ჩვენ შეგვიძლია სხვა ვარიანტების განხილვაც. არაერთხელ მითქვამს, რომ კომპანია პრინციპულად არ ღებულობს მონაცვლეობას, რადგან მას სასტუმროს აშენება უნდა და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რა მიწის ნაკვეთებს შევთავაზებთ. თუ მათი მიწის ნაკვეთი შეფასებულია 20 მლნ.ლარად, ჩვენ მათ ვთავაზობთ 20 მლნ ლარის მიწის ნაკვეთის მონაცვლეობას. ჩვენ გვაქვს მილიარდ ასი მილიონი ლარის ბიუჯეტი და ბევრი გამოწვევა. მუნიციპალური გამოწვევებიდან გამომდინარე, არაფერში ჯდება მოვხსნათ 20 მილიონი და გადავიხადოთ ამ მიწის ნაკვეთში. ამისთვის არსებობს დამკვიდრებული პრაქტიკა, რომ მუნიციპალიტეტი ანაცვლებს მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთებით. ჩვენ რაც ორი წლის წინ ვთქვით, ისიც არ ყოფილა გადაწყვეტილი, იყო გაჟღერებული ვერსია, რომ აღდგენილიყო ის რესტორანი, რომელიც ათეული წლები იდგა ვაკის პარკში. დღეს კომპანია იძახის, მოდი, რესტორნის ფუნქციით ავაშენებ იმას, რაც 2013 წელს უგულავამ მას მისცა. არაფერს არსებითად არ ცვლის. სასტუმროს რომ ააშენებენ, რესტორნის ფუნქციაც რომ ექნება, ამაში ეჭვი არ მეპარება. მათთვის მისაღებია ისევ ვაკის პარკში მოვუნაცვლოთ მიწის ნაკვეთი. სხვას არ განიხილავენ. ჩვენი დღევანდელი შეხვედრის მიზანი იყო, დაგვერწმუნებინა კომპანიის წარმომადგენელი, რომ ოპტიმალური გამოსავალი არის ადგილმონაცვლეობა. ადრე თუ გვიან, მივალთ იქამდე, რომ ესენი დარწმუნდებიან, ასეთი ქმედებით როგორც დღეს იქცეოდნენ, ვერანაირი გზით სასტუმროს ვერ ააშენებენ. საბოლოო ჯამში, ადგილმონაცვლეობასთან მივალთ. რესტორნის აშენება სასტუმროს პარამეტრებით ჩვენთვის მიუღებელია. ისინი განიხილავენ იმ პარამეტრებით შენობა ნაგებობის განთავსებას, რომელიც 2013 მიიღეს საჩუქრად თბილისის მერიისგან“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

დღეს, დილიდან ვაკის პარკის ტერიტორიაზე სასტუმრო „ბუდაპეშტის“ წარმომადგენლებმა მძიმე ტექნიკა შეიყვანეს და ტერიტორიის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყეს. ადგილზე მოგვიანებით მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლები მივიდნენ და აღნიშნული სამუშაოები შეაჩერეს.

დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, რომ ინვესტორს ვაკის პარკის ტერიტორიაზე სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობის ნებართვა არ აქვს.