თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტი“ არ აშენდება
თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტი“ არ აშენდება

ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტი“ არ აშენდება, – ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ განაცხადა.

მისივე განცხადებით, ​დღეს 15:00 საათზე თბილისის მერიაში კომპანიის წარმომადგენელთან შეხვედრა გაიმართება. ხმალაძის თქმით, კიდევ ერთხელ შეეცდებიან, მოლაპარაკების მაგიდასთან გადაწყვიტონ საკითხები.

დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, რომ ინვესტორს ვაკის პარკის ტერიტორიაზე სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობის ნებართვა არ აქვს.

„თვითნებურად საჯარო ინტერესების წინააღმდეგ მოქმედება არავის შერჩება და სწორედ ამისთვის ვართ ჩვენ, რომ მსგავსი რაღაცები არ დავუშვათ. დღეს კომპანია აპირებდა, ვაკის პარკში მშენებლობის დაწყებას. მე აქამდეც მითქვამს, რომ ვაკის პარკში სასტუმრო არ აშენდება. დღეს, 15:00 საათზე დანიშნულია შეხვედრა. მობრძანდება კომპანიის წარმომადგენელი და კიდევ ერთხელ შევეცდებით, მოლაპარაკების მაგიდასთან გადავწყვიტოთ საკითხები. როგორც ჩანს, მათი მოლოდინი რეალობას აცდენილია. მათ ჰგონიათ, რომ რაღაცები „გაუვათ“ და სინამდვილეში არ „გაუვათ“. დღეს დილით რასაც ვუყურებდი იყო ის, რომ კომპანიას მოლოდინი ჰქონდა, შევიდოდა ვაკის პარკში და სასტუმროს მშენებლობას დაამთავრებდა. კიდევ ერთხელ ვამბობ და ვადასტურებ, ასეთი რამ არ მოხდება. ეს თვითნებურად, საჯარო ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებაა. სჯობს, რომ კომპანიამ შეხედოს იმ რეალობას, სად იმყოფება და ის წინადადებები მიიღოს, რომელსაც მუნიციპალიტეტი აძლევს. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ სამშენებლო ეტაპამდე რომ მივიდეს კომპანიის წარმომადგენელი, სამართლებრივი რამდენიმე ეტაპი უნდა გაიაროს. მშენებლობის ნებართვა მერიას გაცემული არ აქვს. მაგრამ ის, რომ 2013 წელს კანონიერადაა გაცემული სასტუმროს მშენებლობის ნებართვა, ზუსტად იმის მიზეზია, რომ კომპანიასთან 20 მილიონ-ლარიან მონაცვლეობაზე მოლაპარაკებას ვაწარმოებთ. რომ არა კანონიერი გზით 2013 წელს გაცემული სპეციალური ნებართვა სასტუმროს მშენებლობაზე, არანაირ მონაცვლეობაზე საუბარი არ იქნებოდა. კომპანია არ ღებულობს ჩვენ შეთავაზებას, რადგან აქვს მოლოდინი, რომ ადრე თუ გვიან მაინც მიაღწევს და მოახერხებს მშენებლობას, მაგრამ ეს არ მოხდება“,- განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

დღეს, დილიდან ვაკის პარკის ტერიტორიაზე სასტუმრო „ბუდაპეშტის“ წარმომადგენლებმა მძიმე ტექნიკა შეიყვანეს და ტერიტორიის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყეს. ადგილზე მოგვიანებით მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლები მივიდნენ და აღნიშნული სამუშაოები შეაჩერეს.

დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, რომ ინვესტორს ვაკის პარკის ტერიტორიაზე სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობის ნებართვა არ აქვს.