ირაკლი ბერაია - საქართველომ დაადასტურა, რომ მზად ვართ ალიანსში წევრობისთვის, წევრობამდეც შეგვაქვს წვლილი ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაში, რაც ნატო-ელმა პარტნიორებმა ხაზგასმით აღნიშნეს
ირაკლი ბერაია - საქართველომ დაადასტურა, რომ მზად ვართ ალიანსში წევრობისთვის, წევრობამდეც შეგვაქვს წვლილი ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაში, რაც ნატო-ელმა პარტნიორებმა ხაზგასმით აღნიშნეს

საქართველოს მოკავშირეები, ნატო-ელი პარტნიორები იყვნენ ძალიან მკაფიო საქართველოსადმი მხარდაჭერის გზავნილებში. ალიანსი ერთგული რჩება 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების, ნატო და მისი მოკავშირეები გააგრძელებენ საქართველოს მხარდაჭერას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ ბრიუსელში განაცხადა.

ირაკლი ბერაიას თქმით, საქართველოს ადგილი არის ნატო-ში და საქართველო აუცილებლად გახდება ალიანსის წევრი.

„ნატო-ელმა პარტნიორებმა ხაზგასმით აღნიშნეს საქართველოს შთამბეჭდავი პროგრესი რეფორმების თვალსაზრისით და საქართველო კიდევ ერთხელ მოიხსენიეს, როგორც რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით ჩემპიონი. ძალიან პირდაპირები, პრინციპულები და მომთხოვნებიც ვიყავით და ვთქვით, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება აუცილებელია და არ შეიძლება ან გადაწყვეტილების გაჯანჯლება, ან გადადება. ეს არის აუცილებელი“, – აღნიშნა ბერაიამ.

მისივე თქმით, საქართველო ერთგულია იმ ღირებულებების, რისი ერთგულიც არიან ნატო და მისი მოკავშირეები.

„საქართველომ არაერთხელ დაადასტურა, რომ მზად ვართ ალიანსში წევრობისთვის და წევრობამდეც შეგვაქვს ფასდაუდებელი წვლილი ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაში, რაც ნატო-ელმა პარტნიორებმა ხაზგასმით აღნიშნეს. რა თქმა უნდა, არსებული გეოპოლიტიკური მოცემულობის გათვალისწინებით, ამ გადაწყვეტილების სისრულეში სწრაფად მოყვანაა საჭირო. ორმაგად საამაყო იყო, როცა ოვალურ მაგიდასთან, სადაც სხედან ალიანსის წევრი სახელმწიფოები და იღებენ ევროატლანტიკური სივრცისთვის უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებებს, დღეს პარლამენტის თავმჯდომარეს უსმენდნენ, როგორც თანასწორ სუბიექტს და ალიანსის ერთ-ერთი წევრი სახელმწიფოს ერთ-ერთ ლიდერს. ნატო-ელებსა და საქართველოს შორის საუბარი არ იყო აღქმული, როგორც ნატო-სა და პარტნიორის საუბარი. ეს ტოვებდა ნატო-ს შიდა საუბრის შთაბეჭდილებას, იმდენად გულწრფელი, მნიშვნელოვანი და გახსნილი საუბარი იყო ყველა გამოწვევაზე, რაც რეგიონში უსაფრთხოებისა და პროგრესის თვალსაზრისით არსებობს“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.