ირაკლი ბერაია - ქართული მიწა უდიდესი ეროვნული სიმდიდრე, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და დავით გარეჯის საქმეზე შედეგებს გამოძიება იტყვის
ირაკლი ბერაია - ქართული მიწა უდიდესი ეროვნული სიმდიდრე, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და დავით გარეჯის საქმეზე შედეგებს გამოძიება იტყვის

1996 წლის შეთანხმების თანახმად, საზღვრის დელიმიტაცია უნდა გამხორციელებულიყო 1938 წლის რუკების შესაბამისად. იმ პირებს, ვინც დაკავებულები არიან, ეს რუკები გადამალული ჰქონდათ, – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ დავით გარეჯის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ქართული მიწა უდიდესი ეროვნული სიმდიდრე, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და დავით გარეჯის საქმეზე შედეგებს გამოძიება იტყვის.

,,საუბარი არის დელიმიტაციის პროცესში ჩვენი ქვეყნისთვის საზიანო გადაწყვეტილების მიღებაზე. 1996 წლის შეთანხმების თანახმად, საზღვრის დელიმიტაცია უნდა გამხორციელებულიყო 1938 წლის რუკების შესაბამისად. როგორც გამოძიება ამბობს, იმ პირებს, ვინც დაკავებულები არიან, ეს რუკები გადამალული ჰქონდათ და მათ ეს რუკები არ გამოუჩენიათ. შესაბამისად, ის მონაკვეთები, რომლებიც შეთანხმებულია, არის სახელმწიფო საზღვრის 66 პროცენტი, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის საზიანოდ. როდესაც მოხდა შედარება იმ რუკებთან, რომლის საფუძველზეც უნდა განხორციელებულიყო დელიმიტაციის პროცესი, არსებულ რეალობასთან არის ძალიან დიდი სხვაობა. საუბარია დაახლოებით 3 500 ჰექტარზე, თუმცა, რა თქმა უნდა, ქართული მიწა ნამდვილად არ იზომება არც მეტრებში, არც კვადრატულ კილომეტრებში, ეს არის ჩვენი უდიდესი ეროვნული სიმდიდრე, ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლიც და ამასთან დაკავშირებით გამოძიება იტყვის შედეგებს.

სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის პროცესში 66 პროცენტია შეთანხმებული, დარჩენილია 34 პროცენტი. ის გარემოებები, რაც გამოვლენილია, რა თქმა უნდა, იძლევა აქამდე მიღწეული შეთნხმების, სქართველოს ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით გადასინჯვის შესაძლებლობას და შეუთანხმებელი მონაკვეთების ობიექტურად, ჩვენი ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ დელიმიტაციის შესაძლებლობას. ამის შემდეგ, როდესაც მთლიანად დასრულდება პროცესი, ბუნებრივია, იქნება ასევე მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა.

მიმდინარე წლის 17 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.