ირაკლი აბესაძე - „ქართული ოცნება“ მთავარ პროკურორად ისევ საკუთარი გავლენის ქვეშ მყოფი პირის დამტკიცებას ეცდება
საპარლამენტო უმცირესობის წევრი ირაკლი აბესაძე აცხადებს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, პროკურორის შერჩევის პროცესს ჩამოშორდეს და მინისტრთა კაბინეტში აღარ იყოს თეა წულუკიანი.
„წულუკიანის მიმართ არსებობს არაერთი შეკითხვა და განსაკუთრებით მთავარი პროკურორების შერჩევასთან დაკავშირებით. მის მიერ წარდგენილი ყველა წინა პროკურორი თანამდებობაზე მუშაობას ამთავრებდა პოლიტიკური სკანდალით და რა თქმა უნდა, არც ამ პროცესში გვაქვს მოლოდინი, რომ მის მიერ შერჩეული კანდიდატის, მით უმეტეს, როდესაც პროცესს ბოიკოტირებას უწევენ არასამთავრობო ორგანიზაციები.
ჩვენ წარდგენილი გვყავს შალვა შავგულიძე, რომელიც რეალურად იქნება პოლიტიკური გავლენებისგან, პირველ რიგში, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი და რაც მთავარია, იქნება დამოუკიდებელი ობიექტური და პროფესიონალი“, – განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
მისივე თქმით, როდესაც ერთ-ერთ მთავარ კანდიდატურად განიხილება მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კანდიდატურა, ეს მიანიშნებს, რომ „ქართული ოცნება“ მორიგ ჯერზე ეცდება საკუთარი პოლიტიკური გავლენის ქვეშ მყოფი პირის დამტკიცებას მთავარ პროკურორად.
„ამის საშუალება არ უნდა მივცეთ არც ოპოზიციამ არც სამოქალაქო საზოგადოებამ, თუ ჩვენ გვინდა, რომ მართლმსაჯულების სისტემაში გვქონდეს გარღვევა, მივიღოთ დამოუკიდებელი და ობიექტური მართლმსაჯულების სისტემა, აღარ გვქონდეს სარალიძის შემთხვევის მსგავსი ძალიან მძიმე შემთხვევები მართლმსაჯულების სისტემაში“, – განაცხადა ირაკლი აბესაძემ.