ირაკლი აბესაძე - პრემიერი პარლამენტში აყალბებს ინფორმაციას ბიუროკრატიაზე გაწეული ხარჯების შესახებ, როგორ მანამდე გააყალბა მითი არგონავტებზე
ირაკლი აბესაძე - პრემიერი პარლამენტში აყალბებს ინფორმაციას ბიუროკრატიაზე გაწეული ხარჯების შესახებ, როგორ მანამდე გააყალბა მითი არგონავტებზე

„ევროპული საქართველო“ ბიუროკრატიულ ხარჯებზე პრემიერ-მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა და გიორგი გახარია ტყუილში დაადანაშაულა.

ირაკლი აბესაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ბიუროკრატიაზე გაწეული ხარჯები ბევრად მეტია, ვიდრე ეს პრემიერმა რამდენიმე დღის წინ პარლამენტში განაცხადა.

„ევროპული საქართველოს“ წევრის თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის კვლევაში არ იყო ჩათვლილი ადგილობრივი სსიპების, აიპების და შრომითი ხელშეკრულებით გაწეული ხარჯები.

ირაკლი აბესაძემ პრემიერ-მინისტრს მიმართა და ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება მოსთხოვა.

„უმძიმესი ეკონომიკური კრიზისის ფონზე, რომელიც შეეხო ფაქტობრივად უმრავლესობას ქართული ოჯახებისა და უმძიმესი სიღარიბის წინაშე აღმოჩნდნენ, ეს კრიზისი როგორც ჩანს, არ შეეხება „ქართული ოცნების“ თავგასულ ბიუროკრატიას, პრემიერი მათ დასაცავად საქართველოს პარლამენტში აყალბებს ინფორმაციას ბიუროკრატიაზე გაწეული ხარჯების შესახებ, ისევე როგორ მანამდე გააყალბა მითი არგონავტების შესახებ.

პრემიერს როდესაც მოვთხოვეთ ბიუროკრატიული ხარჯების დრამატული შემცირება, რომ ადამიანებს ნორმალური დახმარება გავუწოთ, გადასახადები შევამციროთ და ბიზნეს ხელი შევუწყოთ, მან განაცხადა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის კვლევით ჩვენ ვართ ბიუროკრატიაზე გაწეული ხარჯების სიმცირით მსოფლიოში მეორე ადგილზე და ეს არის ტყუილი. ასეთი რეიტინგი სავალუტო ფონდს არ გააჩნია, მას აქვს ინფორმაცია ხელფასებით გაცემულ თანხებზე, სადაც არ შედის სამივლინებო ხარჯები, ავტომობილის, ბენზინის, სატელეფონო, ავეჯის ხარჯები, თუ სხვა მრავალი ხარჯი. ამითი ჩვენ მსოფლიოში ვართ მეოთხე ადგილზე და არა მეორეზე და ჩვენზე უკეთესი შედეგი აქვს აზერბაიჯანს, ყაზახეთს და სინგაპურს.

ამ სახელფასო ფონდში იგულისხმება მხოლოდ ბიუჯეტიდან გადახდილი თანხები, მასში არ შედის ადგილობრივი სსიპებისა და აიპების მხრიდან გადახდილი სახელფასო ფონდი. საჯარო სამართლის იურიდიული პირების სახელფასო ფონდი და შრომითი ხელშეკრულების ანაზღაურების სახელფასო ფონდი, ჯამურად რვაასი მილიონი ლარის სახელფასო ფონდის შესახებ ინფორმაცია პრემიერმა დაფარა და საზოგადოებას არ აუხსნა ნორმალურად, რას გულისხმობდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ეს კვლევა.

ჯამურად ქართული ხელისუფლების პირობებში მასწავლებლების, პოლიციისა და ჯარის ხელფასებს თუ არ ჩავთვლით, ყველა დანარჩენ ბიუროკრატიაზე სახელფასო ფონდი გაზრდილი არის ექვსასი მილიონი ლარით. ეს არის კატასტროფა, მხოლოდ 2016 წლიდან დღემდე ოცდარვაათასი ადამიანით არის სახელმწიფო სექტორში დასაქმებულების რაოდენობა გაზრდილი და მათი დიდი უმრავლესობა არის პოლიტიკური აქტივი.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ პრემიერს, თვალი გაუსწოროს იმ რეალობას, რომ გვაქვს ძალიან კატასტროფული დანახარჯები ბიუროკრატიაზე, მნიშვნელოვნად შეამციროს, ეს ხარჯები მოხმარდეს გადასახადების შემცირებას ბიზნესისთვის და თითოეული ოჯახისთვის, რომ ნორმალური ადამიანური დახმარება გაეწიოს“,- განაცხადა აბესაძემ.