ირაკლი აბესაძე - საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან წნეხის შემდეგ „ქართული ოცნება“ იძულებული იყო, საკონსტიტუციო ცვლილებებს დასთანხმებოდა
ირაკლი აბესაძე - საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან წნეხის შემდეგ „ქართული ოცნება“ იძულებული იყო, საკონსტიტუციო ცვლილებებს დასთანხმებოდა

„ქართული ოცნება“ იძულებული იყო, საკონსტიტუციო ცვლილებებს საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან წნეხის შემდეგ დასთანხმებოდა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირაკლი აბესაძემ საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც ირაკლი აბესაძემ აღნიშნა, 8 მარტის შეთანხმება რჩება შეუსრულებელი.

„საკონსტიტუციო ცვლილებები მიღებულია. „ქართული ოცნება“ იძულებული იყო, ამ ცვლილებებზე თავის დროზე დასთანხმებოდა საზოგადოებისა და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების წნეხით და პროცესი ბოლომდე მიეყვანა. მეორე და მესამე მოსმენაზე ქართული ოცნება კანონპროექტს უბრალოდ ვეღარ ჩააგდებდა. რადგან განმეორებითი კენჭისყრის შესაძლებლობებს ითვალისწინებს კანონმდებლობა. ამ პროცესის ჩაგდების შემთხვევაში მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავისა და რეალური სურვილების ლუსტრირებას მოახდენდა. ამიტომ კარგია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო ცვლილებები, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ, მაგრამ მიიღო. თუმცა 8 მარტის შეთანხმება რჩება შეუსრულებელი და რჩება ძალიან მნიშვნელოვანი პუნქტის ნაწილში. ვსაუბრობ პოლიტიკურ პატიმრებზე და პოლიტიკურ ოპონენტებთან არა პოლიტიკური პროცესის წარმართვაზე, არამედ მათ საპატიმროში ჩაგდებაზე. ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე, ოფისების დარბევაზე თუ ამ მეთოდებით ბრძოლაზე. „ქართული ოცნების“ მხრიდან რურუას არ გათავისუფლება 8 მარტის შეთანხმების ცალსახად დარღვევაა და არის სიგნალი, რომ ისინი ქვეყანაში ნორმალური საარჩევნო და პოლიტიკური პროცესის არსებობას არ აპირებენ. სწორედ ამიტომ, იმ უკიდურესად რადიკალიზებულ საარჩევნო გარემოზე თუ პოლიტიკურ პროცესზე, რომელიც ქვეყანაში გვაქვს, სრულად პასუხისმგებელია „ქართული ოცნება“, – განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

117 ხმით საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები დაამტკიცა. წინააღმდეგ ხმა მისცა სამმა დეპუტატმა – ბიძინა გეგიძემ, კახა ოქრიაშვილმა და ალექსანდრე ერქვანიამ.

კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ევროპულ საქართველოს“.

კონსტიტუციური პროექტის გათვალისწინებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება – პარლამენტში აირჩევა 120 წევრი პროპორციული და 30 წევრი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით.