ირაკლი აბესაძე - პირველივე დღეებიდან „ქართული ოცნების“ პოლიტიკოსები მზად აღმოჩნდნენ, პოლიტიკური ნარატივი შეეტანათ გიორგი გაბუნიას საქმეში
ირაკლი აბესაძე - პირველივე დღეებიდან „ქართული ოცნების“ პოლიტიკოსები მზად აღმოჩნდნენ, პოლიტიკური ნარატივი შეეტანათ გიორგი გაბუნიას საქმეში

ჩვენ ვხედავთ იმ პოლიტიკურ თამაშს, რომელსაც „ქართული ოცნება“ აწარმოებს ამ უმძიმესი დანაშაულის მომზადების ფაქტთან დაკავშირებით, – ასე უპასუხა კითხვას „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ირაკლი აბესაძემ, რომელიც უკრაინული სააგენტოს მიერ მიხეილ სააკაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის სატელეფონო საუბარს ეხებოდა.

როგორც ირაკლი აბესაძე აცხადებს, პირველი დღეებიდანვე „ქართული ოცნების“ პოლიტიკოსები მზად აღმოჩნდნენ, რომ პოლიტიკური ნარატივი და ელფერი შეეტანათ ამ საკითხში.

„ჩვენ მოვისმინეთ კადიროვის განცხადებაც, რომელიც კიდევ ერთხელ იყო მუქარის გამეორება ქართველი ჟურნალისტის მიმართ და ამ განცხადებების დაგმობის ნაცვლად, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მხრიდან დავინახეთ ამ საკითხის შიდაპოლიტიკურ ჭრილში გადატანის არა მხოლოდ მცდელობა, არამედ კონკრეტული ნაბიჯებიც. ეს ძალიან სასაცილოა. ხელისუფლებას მოეთხოვება ძალიან სერიოზულად, სწრაფად ამ დანაშაულის ყველა დეტალის ბოლომდე გარკვევა და ამაზე საზოგადოების ინფორმირება. ნაცვლად იმ პოლიტიკური ჭორაობისა, რომლითაც პოლიტიკოსები დაკავდნენ“, – განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

უკრაინულმა ვებგვერდმა obozrevatel.com უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილისა და საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილის სატელეფონი საუბრის ჩანაწერი გამოაქვეყნა. ვებგვერდის ინფორმაციით, ჩანაწერში მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ადეიშვილი ტელეკომპანია „მთავარის“ დირექტორ ნიკა გვარამიასა და ტელეწამყვან გიორგი გაბუნიაზე საუბრობენ.

დატოვე კომენტარი