უკრაინული ვებგვერდი ავრცელებს სატელეფონო საუბრის ჩანაწერს, სადაც ამავე ვებგვერდის ინფორმაციით, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ადეიშვილი გიორგი გაბუნიას საქმეზე საუბრობენ [ვიდეო]

უკრაინული ვებგვერდი obozrevatel.com უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილისა და საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილის სატელეფონი საუბრის ჩანაწერს აქვეყნებს.

ვებგვერდის ინფორმაციით, ჩანაწერში მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ადეიშვილი ტელეკომპანია „მთავარის“ დირექტორ ნიკა გვარამიასა და ტელეწამყვან გიორგი გაბუნიაზე საუბრობენ.

„გვარამია ცოტა აფრენს, ნაბიჭვარი და ავადმყოფია, ყველაფერი ჩააგდო“, – ამბობს მიხეილ სააკაშვილი, აუდიოჩანაწერის მიხედვით.

ამავე აუდიოჩანაწერის მიხედვით, ადეიშვილი აცხადებს, რომ ნიკა გვარამიამ მას არ დაუჯერა, ნერვებმა უმტყუნა და უკრაინის სპეცსამსახურებზე ისაუბრა, რაც არ უნდა გაეკეთებინა.

უკრაინული ვებგვერდის მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერში ასევე საუბარია ტელეწამყვან გიორგი გაბუნიაზე, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი არასტაბილურ და მშიშარა ადამიანად მოიხსენიებს.

თავად უკრაინული ვებგვერდი obozrevatel.com აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით წერს: „იცოდა თუ არა მიხეილ სააკაშვილმა გიორგი გაბუნიას დაგეგმილი მკვლელობის შესახებ?! გამოდის, რომ იცოდა! ამ სატელეფონო საუბრის ჩანაწერში მტკიცდება, რომ მიხეილ სააკაშვილმა, ასევე მისი კუთვნილი ტელეარხ „მთავარის“ დირექტორმა, ნიკა გვარამიამ, იცოდნენ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას დაგეგმილი მკვლელობის შესახებ, ამის შესახებ საქართველოს მთავრობას არ აცნობეს და დიდი ხნის განმავლობაში ხელს აფარებდნენ დაგეგმილი დანაშაულის შემკვეთს, ორგანიზატორსა და შემსრულებელს“.

მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ადეიშვილი საქართველოს სასამართლოს მიერ რამდენიმე საქმესთან დაკავშირებით მსჯავრდებულები არიან.

დატოვე კომენტარი