ირაკლი აბესაძე ნდობის ჯგუფის სხდომაზე გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციასთან დაკავშირებულ კითხვებს დასვამს
„ევროპული საქართველოს“ წევრი ირაკლი აბესაძე ნდობის ჯგუფის პირველ სხდომაზე თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მომხდარი სპეცოპერაციის საკითხის განხილვას მოითხოვს.
მისი თქმით, საქმესთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კითხვა არსებობს, რომელზეც საზოგადოებამ პასუხი ჯერ ვერ მიიღო.
„თუ ხელისუფლება მზად არ არის საჯაროდ გასცეს პასუხი საპარლამენტო კომიტეტის თუ პლენარული სხდომის ფარგლებში ამ შეკითხვებს, თუკი სუს-ის ხელმძღვანელი ან იუსტიციის მინისტრი არ არიან მზად საჯაროდ ისაუბრონ ამ თემებზე, მაშინ მათ მოუწევთ ნდობის ჯგუფის ფორმატში გასცენ პასუხი კითხვებს – როგორ აღმოჩნდნენ ეს ადამიანები საქართველოში, როგორ აღმოჩნდა ამდენი იარაღი ქალაქის ცენტრში. ჩვენ გვახსოვს სკანდალური განცხადებები, მათ შორის იუსტიციის მინისტრის, რომელიც წინააღმდეგი იყო ჩატაევის გათავისუფლების, თუმცა მას ავიწყდება, რომ ის ითავსებდა პროკურორის ფუნქციებსაც. ასე რომ, ვერცერთი თანამდებობის პირი ხელს ვერ დაიბანს, რომ ქალაქის ცენტრში სპეცოპერაციის ჩატარება მოგვიხდა ადამიანის წინაააღმდეგ, რომელიც თავის დროზე ქართულ საპატიმროში იყო და ის გათავისუფლებულ იქნა ხელისუფლების მიერ“,- აღნიშნა აბესაძემ.
საქართველოს პარლამენტის ნდობის ჯგუფი პირველ სხდომას დღეს მართავს. მეცხრე მოწვევის პარლამენტში ნდობის ჯგუფი დაახლოებით ერთი თვის წინ შეიქმნა, რომლის წევრები არჩილ თალაკვაძე, ირაკლი სესიაშვილი, ირაკლი აბესაძე და ეკა ბესელია არიან.