ირაკლი აბესაძე - ადვოკატის განცხადებით, ზაზა სარალიძე კომისიას სრულ ნდობას უცხადებს და აპირებენ, კომისიის მუშაობაში ჩაერთონ
ირაკლი აბესაძე - ადვოკატის განცხადებით, ზაზა სარალიძე კომისიას სრულ ნდობას უცხადებს და აპირებენ, კომისიის მუშაობაში ჩაერთონ

ადვოკატის დღევანდელი განცხადებით, ზაზა სარალიძე კომისიას სრულ ნდობას უცხადებს და ისინი აპირებენ, კომისიის მუშაობაში სრულად ჩაერთონ, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ირაკლი აბესაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„მათ დიდი იმედი აქვთ, რომ ყველა ის ფაქტი, რომელიც პასუხგაუცემელი დარჩა, გამოკვლეული იქნება. კომისია ამას რამდენად შეძლებს, ამ ადამიანების ჩართულობაზე და იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად ღიად ითანამშრომლებენ საგამოძიებო, თუ სხვა ორგანოები, ფიზიკური, თუ იურიდიული პირები კომისიასთან. საზოგადოების ფართო ჩართულობით, თუ ღიაობის აბსოლუტური უზრუნველყოფით, ჩვენ ჩვენს მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ ყველა გარემოება გამოკვლეული იქნას“, – განაცხადა აბესაძემ.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, კომისიას ყველა იმ დაინტერესებული მხარის ნდობა მოეპოვებინა, რომელიც კომისიიდან შედეგს ელოდება.

„დღეს კომისიის თავმჯდომარის ბატონ ზაზა სარალიძესთან შეხვედრა შედგა, უახლოეს დღეებში კი, მეორე მოკლული ახალგაზრდის, დადუნაშვილის მშობლებთან შეხვედრა იგეგმება. შეხვედრა შედგა სახალხო დამცველთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და თითოეულმა მათგანმა, პირველ რიგში კი, ბატონმა ზაზამ და მისმა ადვოკატმა ძალიან დიდი იმედი გამოთქვეს, რომ კომისია წარმატებული იქნება“, – განაცხადა აბესაძემ.

„ევროპული საქართველოს“ წევრმა ასევე განაცხადა, რომ ისინი კომისიაში აქტიურად იმუშავებენ და მხარს უჭერენ ყველა იმ ლეგიტიმურ მოთხოვნას, რაც მთავრობის შეცვლას, თუ სხვა პოლიტიკურ მოთხოვნებს შეეხება.

ირაკლი აბესაძემ თქმით, სასამართლო გადაწყვეტილებითაც დადასტურდა ეჭვები, რაც მოკლული ბავშვების ოჯახებისა და უფლებადაცვითი ორგანიზაციების მხრიდან თვეების განმავლობაში გვესმოდა, რომ საქმის გამოძიება არაობიექტური და არასრულყოფილი იყო.

„მაღალი ალბათობით, ასევე დადასტურდა ეჭვები, რომ არსებობდნენ და არსებობენ თანამდებობის პირები, ან სხვა პირები, რომლებიც გამოძიებაში ერეოდნენ და ხელს უშლიდნენ“, – განაცხადა ირაკლი აბესაძემ.