ირა ჭელიძე - თამამად შეგვიძლია ვთქვათ, დისკუსიისა და კომუნიკაციის პოლიტიკური კულტურა არ გვაქვს
თამამად შეგვიძლია ვთქვათ, დისკუსიისა და კომუნიკაციის პოლიტიკური კულტურა არ გვაქვს, – ამის შესახებ სარეკლამო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების სპეციალისტმა, ირა ჭელიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„ეს ახლა არ დაწყებულა და ის „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ დაპირისპირების შედეგი არ არის. ასეთი აგრესიული პოლიტიკური კულტურა დაიწყო მაშინ, როცა შემდგომში ქვეყნის პირველმა პრეზიდენტმა, ზვიად გამსახურდიამ ოპონენტს უთხრა – შენ ხარ მოღალატე და მე შენ შუბლს გაგიხვრეტ! საზოგადოებამ ეს მიიღო, საზოგადოებას ეს მოეწონა, მერე სამოქალაქო ომი მოხდა და ჩვენ, როგორც საზოგადოებამ, ეს მომხდარი არ გავიაზრეთ“, – განაცხადა ირა ჭელიძემ.
მისი თქმით, ამაზე რეფლექსია არ მოხდა, გააზრებისა და რეფლექსიის გარეშე კი, ადამიანის, როგორც პიროვნების და პოლიტიკური კულტურის გაზრდა არ მოხდება, შესაბამისად, ჩვენ კიდევ ამ „მოღალატე ხარ, შუბლს გაგიხვრეტ“ დისკურსში ვიმყოფებით და ამასვე ვაგრძელებთ.
„იმისთვის, რომ ეს ყველაფერი გადაგვეაზრებინა, საკუთარ თავში ვერც საზოგადოებამ იპოვა ნება და არც პოლიტიკოსებმა გამოაჩინეს პოლიტიკური ნება იმისა, რომ მოვლენების სახელდება მომხდარიყო; არ იმუშავა არც მართლმსაჯულების სისტემამ, რომ სახელდების პარალელურად, მოვლენების პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასებები მომხდარიყო. შესაბამისად, ეს მოჯადოებული წრეა, სადაც სანამ ერთი არ მოხდება, მეორე არ გასწორდება და მეორე არ გასწორდება, სანამ ეს ფუნდამენტური საჭიროებები არ დაკმაყოფილდება. ალბათ, მოთხოვნა საზოგადოებიდან უნდა დაიწყოს, რომ მოვლენების სახელდება და პროცესის გაჯანსაღება მოხდეს. სანამ ეს არ მოხდება, ვიქნებით იქ, სადაც ვართ“, – განაცხადა ირა ჭელიძემ.
ამ განცხადებით ირა ჭელიძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რა არის საზოგადოებაში არსებული აგრესიის მიზეზი, სოციალურ-ეკონომიკური ცვლილებები, სიდუხჭირე, პოლიტკულტურის ნაკლებობა ან არარსებობა, თვითგამოხატვა თუ სხვა.
მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, ხომ არ არის საზოგადოება ტოლერანტული სიძულვილის მიმართ, რადგან ფაქტია, რომ სიძულვილის ენის გამომყენებელი პირი ხშირად ლიდერად გვევლინება და აგრესიული პირები საზოგადოების ნაწილისთვის ანგარიშგასაწევ ძალად ითვლება, ირა ჭელიძემ განაცხადა, რომ საზოგადოების უმეტესი ნაწილისთვის აგრესია მისაღებია და ეს ნაწილი სიძულვილის მიმართ ტოლერანტულია.
„მისაღები რომ არ იყოს, ასეთი რეალობა არ გვექნებოდა. ეს კომპლექსური პრობლემაა და ამ ყველაფრის მიზეზი ჩვენ თავში უნდა ვეძებოთ. სიძულვილის ენის აპოლოგეტი და საზოგადოებაში გამტარებელი წინა ხელისუფლება იყო, მიხეილ სააკაშვილის თაოსნობით, რომლისგანაც მთელი პრეზიდენტობის განმავლობაში, კარგი საქმეების პარალელურად, სიძულვილის ენა ისმოდა. იყო ღამე ადამიანების ღამის პერანგებით გამოყვანა, ამის გადაღება, ჩვენება და ა.შ. მაშინ, სწრაფი რეფორმების ფონზე, საზოგადოების დიდ ნაწილს ეს მოსწონდა, მაგრამ როცა მისაღები აღარ გახდა, გადავირჩიეთ კიდეც. მერე ისევ არ მოხდა მართლმსაჯულების სისტემის ამუშავება, რეფლექსია და ისევ იმ წრეზე წავედით“, – განაცხადა ირა ჭელიძემ.