ირა ჭელიძე - მართალია, რესურსს ვერ ვხედავ, მაგრამ ორივე მხარე საერთაშორისო ფასილიტატორების, ან ვიღაცის საშუალებით უნდა დაჯდეს და დაილაპარაკონ
ირა ჭელიძე - მართალია, რესურსს ვერ ვხედავ, მაგრამ ორივე მხარე საერთაშორისო ფასილიტატორების, ან ვიღაცის საშუალებით უნდა დაჯდეს და დაილაპარაკონ

მართალია, რესურსს ვერ ვხედავ, მაგრამ ორივე მხარე საერთაშორისო ფასილიტატორების, ან ვიღაცის საშუალებით უნდა დაჯდეს და დაილაპარაკონ, – განაცხადა სარეკლამო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების სპეციალისტმა, ირა ჭელიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

„კონკრეტულად არჩევნებზე და პარლამენტში შესვლა-არშესვლაზე არა. 2012 წლის უმძიმესი შეცდომა ის იყო, რომ არ შეიქმნა თანხმობის კომიტეტი თუ კომისია. ეს არ უნდა იყოს სადამსჯელო სახის კომისია და ყველა მოვლენას, აქედან-იქიდან, შუიდან, მარჯვნიდან თუ მარცხნიდან თავისი სახელი უნდა დაერქვას. ანუ, მოვლენების სახელდება უნდა მოხდეს. ახლა დაპირისპირება ისეთ სტადიაზეა, რომ ეს ჩვენი, ქართველების რესურსებით ვერ მოხერხდება და რაღაც საერთაშორისო არბიტრაჟის საშუალებით უნდა მოხდეს. მე ვხედავ ასეთ ფორმატს, რომ რაღაც თანხმობის კომისია შეიქმნას, სადაც ყველაფერი ღიად ითქმება და ყველა მოვლენას თავისი სახელი დაერქმევა, მხარეები ამას აღიარებენ და არ იქნება მანიპულაციური, სიმულაციური რეალობა, როდესაც ადამიანი, რომელიც ფეხქვეშ მიწას რეალურად მიწვავდა და მიჭერდა, ახლა ლიბერალიზმს და დემოკრატიას მასწავლის, როდესაც ადამიანი, რომელიც გუშინწინ ამერიკულ კოლონიალიზმს გმობდა და კელი დეგნანს კელი გავრილოვას უწერდა, ახლა აპელირებს, რომ ჭეშმარიტების ბოლო ინსტანციაა და ა.შ. ასეთი სიმულაციური რეალობიდან უნდა გამოვიდეთ და რეალობას შევხედოთ. ეს კომისია უნდა შეიქმნას და საზოგადოება სამომავლო თამაშის წესებზე უნდა შეთანხმდეს, რა მოსულა და არ მოსულა, რა არის ის წითელი ხაზი, რომელსაც არავინ არ უნდა გადააბიჯოს. გადააბიჯებს და, ადგება და პოლიტიკიდან უბრალოდ, წავა“ – განაცხადა ჭელიძემ.

ამ განცხადებით ირა ჭელიძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, როგორ უნდა გაგრძელდეს საქართველოში პოლიტიკური ცხოვრება და რა გზა არსებობს შექმნილი ვითარების განსამუხტად.

როგორც ირა ჭელიძემ აღნიშნა, ჩილეში საზოგადოება იმან დაალაგა, რომ როდესაც დიქტატურა დაამარცხეს, კაფეში რეჟიმის წარმომადგენელის შემოსვლისას ადამიანები მათ კი არ სცემდნენ, უბრალოდ, დგებოდნენ და განერიდებოდნენ, რითაც რეჟიმის მიმართ პროტესტს გამოხატავდნენ.

„ჩვენ ასეთი რამ თავის დროზე რომ გაგვეკეთებინა, რეჟიმის წარმომადგენლები რაღაცებს ვერ გაბედავდნენ. მეორე, იმისთვის, რომ საზოგადოება დამშვიდდეს, სასამართლოს საკითხი უნდა გადაწყდეს. ადეიშვილის კორპუსი სახლშია წასასვლელი და სისტემა თავიდან არის დასაკომპლექტებელი აბსოლუტურად არა პოლიტიკურად ანგაჟირებული კადრებით. იმიტომ, რომ თუ ხელისუფლება შეიცვალა და „ნაციონალური მოძრაობა“ რაღაც სახეცლილებით მოვიდა, ის მურუსიძე გაასამართლებს ღარიბაშვილს. ეს ზუსტად ვიცი. იმიტომ, რომ კრებსითი მურუსიძე ასეთია. მესამეა განათლების საკითხი, რომ საზოგადოებაში თაობა გავზარდოთ. იმიტომ, რომ ხანდახან ისეთ რაღაცებს ვკითხულობ და ვისმენ, რომ ვგრძნობ, საზოგადოებაში მძვინვარე უცოდინრობა და მძვინვარე გაუნათლებლობაა“, – განაცხადა ირა ჭელიძემ.