ირა ჭელიძე - ის, რაც ახლა მედიაში ხდება, არის პოლიტიკური ტექნოლოგია კონკრეტული პოლიტიკური მიზნის მისაღწევად
ირა ჭელიძე - ის, რაც ახლა მედიაში ხდება, არის პოლიტიკური ტექნოლოგია კონკრეტული პოლიტიკური მიზნის მისაღწევად

ის, რაც ახლა მედიაში ხდება, არის პოლიტიკური ტექნოლოგია კონკრეტული პოლიტიკური მიზნის მისაღწევად, – ამის შესახებ სარეკლამო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების სპეციალისტმა, ირა ჭელიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ეს არის ძალიან კარგად გააზრებული და აბსოლუტურად შორს თავისუფალი მედიისგან. ეს არ არის თავისუფალი ჟურნალისტი, რომელიც საკითხით დაინტერესდა, მივიდა და გააშუქა. არა, დაჯდა კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფი, გაწერა გეგმა და ამ გეგმას ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვება. დღეს ამ სივრცეში ყველას თავისი პოლიტიკური ინტერესი აქვს და ტრაგედიების ასეთ გაშუქებას პოლიტიკურ იარაღად იყენებენ“, – განაცხადა ჭელიძემ.

ამ განცხადებით ირა ჭელიძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რატომ შეიძლება, მედიას სჭირდებოდეს ტრაგედიების ისე გაშუქება, როგორც ეს ბოლო დროს ხდება.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რატომ არსებობს მოთხოვნა ასეთ პროდუქტზე და რატომ უყურებს ამას მაყურებელი, ირა ჭელიძემ აღნიშნა, რომ შესაძლოა, ასეთ შემთხვევაში შინაგანი წუხილების და კომპლექსების პროეცირება ხდება. 

„სხვა ახსნა არ აქვს, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ ამას აქვს სასრული ეფექტი. რაღაც მომენტის შემდეგ მგრძნობელობა გიბლაგვდება და აღარ უყურებ. ცნობილი მოვლენაა, რომ როცა ადამიანს ძალიან დიდხანს აწამებენ, რაღაც პერიოდის შემდეგ ის ტკივილს ვეღარ გრძნობს. ანუ, ვეღარ აღიქვამს, რომ სტკივა. ამიტომ, მწამებლებმა იციან, წამება როდის შეწყვიტონ და ადამიანი რამდენიმე საათი დაასვენონ, რომ თავიდან აწამონ. ადამიანი გაბმულ წამებაში ვერ იქნება. ის უბრალოდ, ვეღარ გრძნობს და აქაც იგივეა – ბოლოს ალბათ, აღქმადობა დაბლაგვდება“, – განაცხადა ჭელიძემ.

მისი თქმით, არსებობს პოლიტიკური ბრძოლის ტერმინი – დამწვარი მიწის პრინციპი, როდესაც ტყვეები არ აჰყავთ და მინდვრებს წვავენ, რომ იქ არაფერი მოვიდეს და ჩვენ ახლა სწორედ ამ რეალობაში ვიმყოფებით.

„აი, ეს რეალობაა. ჩვენი დღევანდელი სივრცის განჯადოება რომ მოხდეს, ეს ხომ არ არის მედია სივრცე?! ეს არის ერთმანეთთან პოლიტიკურად სამკვდრო-სასიცოცხლოდ დაპირისპირებული ორი ძალის ბრძოლის ველი, სადაც პრინციპი არის დამწვარი მიწა. ამიტომ, ჩვენ ტყუილად ვლაპარაკობთ მედიასტანდარტზე, ჟურნალისტიკაზე, სინდისზე და ა.შ., რადგან მოცემულობა არის ბრძოლის ველი. მედია არის კონკრეტული პოლიტიკური პარტიების იარაღი და აქ სტანდარტებზე ვერ ილაპარაკებ. შეიძლება, უბრალოდ, ამაზე შეთანხმდე, „აგნემიოტით“ ნუ დამწვავ, ტყვია მესროლეო, მაგრამ მაგაზეც ვერ ვთანხმდებით. წესები არ არის, არანაირი და დამწვარი მიწის პრინციპი სწორედ ეს არის“, – განაცხადა ჭელიძემ.

შეკითხვაზე, სად არის გამოსავალი, სარეკლამო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების სპეციალისტმა განაცხადა, რომ დღეს, საქართველოში, დროისა და სივრცის ამ კონკრეტულ მონაკვეთში გამოსავალი არ არსებობს, მაგრამ სიტუაცია რაღაც კულმინაციამდე მივიდა და ლოგიკურად, რაღაც სასრულამდე უნდა მივიდეთ.

„არ ვიცი, დღეს სად არის გამოსავალი. ნებისმიერ მოვლენას ხომ აქვს დასაწყისი, კულმინაცია და სასრული?! ჰოდა, სასრულამდე უნდა მივიდეთ. ლოგიკურად, ეს სიტუაცია მივიდა რაღაც კულმინაციამდე და ვფიქრობ, ახლა რაღაც სასრულამდე მივალთ“, – განაცხადა ირა ჭელიძემ.