ირა ჭელიძე - როცა მესამე ვადაზე მიდის, ხელისუფალი სულ რომ ცით მოვლენილი ვარსკვლავბიჭუნა იყოს, გიჟდება, შემაკავებელი არავინ არის, რადგან კრებსითი ოპოზიციის სახით გარეთ ქრესტომათიული გიჟი დარბის
ირა ჭელიძე - როცა მესამე ვადაზე მიდის, ხელისუფალი სულ რომ ცით მოვლენილი ვარსკვლავბიჭუნა იყოს, გიჟდება, შემაკავებელი არავინ არის, რადგან კრებსითი ოპოზიციის სახით გარეთ ქრესტომათიული გიჟი დარბის

ეს ვითარება იმიტომ დადგა, რომ მთავრობაში ნანახი არ აქვთ ალმოდოვარის ფილმი „ელაპარაკე მას“, – ამის შესახებ სარეკლამო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების სპეციალისტმა, ირა ჭელიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ისინი უბრალოდ არ გველაპარაკებიან. გადასარევად გველაპარაკებოდნენ 2011-ში, 2012-ში და 2013-ში, მაგრამ მერე, როცა ხელისუფლება უკვე მესამე ვადაზე მიდის, ხელისუფალი სულ რომ ცით მოვლენილი ვარსკვლავბიჭუნა იყოს, გიჟდება და ეს ბუნებრივია. ხელისუფლებაში სამი ვადა რომ ვიყო, მეც გავგიჟდები და შეიძლება, იმაზე მეტად გავგიჟდე, ვინც ახლა იქ ზის და გაგიჟდა. ამ დროს, შემაკავებელი არავინ არის. იმიტომ, რომ კრებსითი ოპოზიციის სახით, გარეთ აბსოლუტურად ქრესტომათიული გიჟი დარბის. წარმოიდგინეთ, მე ვარ ხელისუფლება, რომელსაც მგონია, რომ აბსოლუტურ კომფორტში ვარ, რადგან გარეთ შეურაცხადები მყავს, რომლებიც ლეიბებით დარბიან და რატომაც არა?! შემოვილაგე კანფეტები და ვარ სრულ კომფორტში“, – განაცხადა ჭელიძემ.

მისი თქმით, ის ადამიანები, რომლებიც „ნამახვანჰესის“ მშენებლობას აპროტესტებენ, გაცილებით მეტ სიმპათიას იმსახურებენ, ვიდრე ხელისუფლებაში მსხდომი, კანფეტებშემოწყობილი ხალხი, რომლებიც საზოგადოებას არ ელაპარაკებიან.

„ამ დროს გამოდის ვარლამ გოლეთიანი, რომელიც რეალურად ჰგავს ჯონ სნოუს. ამბობენ, რომ მათ უკან მარსი გვებრძვის. მე არ ვიცი, ვინ გვებრძვის, მაგრამ ის ადამიანები ხომ გაცილებით მეტ სიმპათიას იმსახურებენ, ვიდრე ხელისუფლებაში მსხდომი, კანფეტებშემოწყობილი ხალხი, რომლებიც არ მელაპარაკებიან?! რა თქმა უნდა, ჩემი, რიგითი მოქალაქის სიმპათია მათ მხარესაა. რადგან მე არ ვარ ელიავას მუშა, რომელმაც ყველაფერი იცის, იმის უკან რა დგას და ვინ დგას, არ ვიცი, მაგრამ აქციის მონაწილეები კიდეც რომ ცდებოდნენ, ისინი გულწრფელები არიან და ყველას სიმპათიას ამიტომ იმსახურებენ. მნიშვნელობა არ აქვს, მე ეკოლოგიის გაფეტიშებას ვემხრობი თუ ჰესებს, ეს ხალხი სიმპათიას იმსახურებს. შესაბამისად, როდესაც ვიღაცის მხარეს არის სიმპათია, ის ადამიანი მართალიც რომ არ იყოს, მხარდაჭერა მეტი აქვს“, – განაცხადა ჭელიძემ.

როგორც მან აღნიშნა, იმ დროს, როდესაც ხელისუფლება ნდობას არ იმსახურებს, პროცესში ეკლესიის ჩართვა ლოგიკურია.

„იმიტომ კი არა, რომ პიროვნულად ვერჩი რამეს, მაგრამ თურნავა არ იმსახურებს ნდობას. ნდობა რომ დაიმსახურო, ამაზე უნდა იმუშაო. შესაბამისად, როცა ხელისუფლების მხრიდან ნდობას არავინ იმსახურებს, მთელი რიგი მიზეზების გამო, ლოგიკურია, იქ ეკლესია, ან ვინმე სხვა ჩაერევა“, – განაცხადა ჭელიძემ.

ირა ჭელიძემ ასევე აღნიშნა, რომ აქციის ორგანიზატორებს სტრატეგიული კომუნიკაციები სწორად აქვთ დალაგებული, რაც სპონტანური არ არის.

„მე, როგორც სპეციალისტი, ვხედავ, რომ ამ ხალხს სტრატეგიულ კომუნიკაციებს ზუსტად ულაგებენ. პროტესტის მონაწილეები სწორ ფოტოებს დებენ და თავისთავად სიმპათიური ხალხია, სოციალურ ქსელებში სწორად შერჩეული ფოტოები იდება, ვარლამ გოლეთიანის გაჯონსნოუება სწორად მიდის. ეს სპონტანური არ არის. იქ მუშაობს ხალხი, რომლის მსგავსი ხელისუფლებას არ ჰყავს. იმიტომ, რომ კანფეტები შემოილაგა“, – განაცხადა ირა ჭელიძემ.