ირა ჭელიძე - ფეიკნიუსის მიზანია, „მე ვიტყვი და მერე შენ იმართლე თავი“, თავის მართლებას კი, შედეგი არ აქვს
ირა ჭელიძე - ფეიკნიუსის მიზანია, „მე ვიტყვი და მერე შენ იმართლე თავი“, თავის მართლებას კი, შედეგი არ აქვს

ფეიკნიუსის მიზანია, „მე ვიტყვი და მერე შენ იმართლე თავი“, თავის მართლებას კი, შედეგი არ აქვს, – ამის შესახებ სარეკლამო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების სპეციალისტმა, ირა ჭელიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„პირველი ეფექტი ისაა, მე რომ თავზარი დამეცემა. მერე ვიღაც რომ გამოვა და იტყვის, არა, ეს ფეიკიაო, არ არის ისეთი ეფექტი. ზარალი და ზიანი უკვე მიყენებულია. ანუ, მიზანი მიღწეულია“, – განაცხადა ჭელიძემ.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილის და გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო კამპანიის დროს მოხდა ფაქტი, როცა ფეიკნიუსი გაავრცელა „როიტერს“ მიმსგავსებულმა საიტმა, რომლის მფლობელიც ყოფილი ხელისუფლების პენიტენციური სისტემის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი აღმოჩნდა.

„მიდიოდა საშინელი ბრძოლა წესების გარეშე და სრულიად შემთხვევით, როცა „ფეისბუქზე“ პროცესებს ვაკვირდებოდი, ამოხტა საიტი, რომელიც ძალიან ჰგავდა „როიტერს“. მეც კი, ვისაც თვალი შეჩვეული მაქვს ინფორმაციის ძალიან ბევრ წყაროზე, თავდაპირველად მეგონა, რომ „როიტერი“ იყო. ეწერა უზარმაზარი სათაური, რომ საქართველომ რუსეთს მიჰყიდა „ჯაველინები“, რომლებიც აშშ-მა, როგორც იქნა, გადმოგვცა. „როიტერი“ რომ ამას წერს, დავიღუპეთ ხომ? პირველი ეფექტი ეს იყო. მერე, ამ საიტზე შევედი და აღმოჩნდა, რომ ეს „როიტერი“ არ არის და უბრალოდ, ჰგავს. მე მქონდა საშუალება, მოყვარულის დონეზე გავყოლოდი ამ აიპი მისამართს და ძალიან საინტერესო პირველწყარომდე მივედი. ამ საიტის სერვერი ჩვენს ერთ-ერთ მეგობრულ სახელმწიფოში იდგა და ამ მისამართის მფლობელი ყოფილი ხელისუფლების პენიტენციური სისტემის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი იყო. მას ყველაფერი ოფიციალურად ჰქონდა დარეგისტრირებული. ეს საიტი გადაზიარებული ჰქონდა ბატონ ნიკოლოზ რურუას, მაგრამ ძალიან მალე, ეს აიღეს. იმიტომ, რომ იქ ბოლტონმა განცხადება გააკეთა, მაგრამ მიზანი მიღწეული იყო. ძალიან მძიმე პოლიტიკური ბრძოლის პროცესში გავრცელდა ძალიან მძიმე ბრალდება“, – განაცხადა ჭელიძემ.

მისი თქმით, როგორც წესი, ყალბი ინფორმაციის გავრცელების მიზეზი არის გარკვეული ჯგუფის მიერ გარკვეულ სამიზნე ჯგუფზე გავლენის მოხდენა.

„გავლენა რამდენიმე კომპონენტისგან არის. გარდა იმისა, რომ გავლენა უნდა მოვახდინო, ქმედებისკენაც უნდა ვაიძულო, ინტერესი გავუჩინო და შემდეგ ჩემი, როგორც გავლენის მომხდენის მიზანია, კონკრეტულმა სამიზნე ჯგუფმა იმოქმედოს. ეს მოქმედება რაში გამოიხატება, არის სხვადასხვა. იმის მიხედვით, მე რა მიზანი მამოძრავებს“, – განაცხადა ირა ჭელიძემ.