ირა ჭელიძე - საზოგადოება ვერ დაიცავს თავს სიძულვილის ენისგან და აგრესიისგან, რადგან დაკვეთა არ არის
ირა ჭელიძე - საზოგადოება ვერ დაიცავს თავს სიძულვილის ენისგან და აგრესიისგან, რადგან დაკვეთა არ არის

ის, რაც ამ არჩევნებზე „რუსთავი 2“-მა აკეთა, წითელ ზღვარს იყო გადასული და პირადად ჩემთვის ეს ყოვლად დაუშვებელია, – განაცხადა სარეკლამო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების სპეციალისტმა, ირა ჭელიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

„ეს იმის ბრალია, რომ მართლმსაჯულება არ აღსრულდა და ეს არხი კანონიერ მფლობელებს, ბატონ დვალსა და ბატონ აქიმიძეს არ დაუბრუნდა. საზოგადოება ვერ დაიცავს თავს სიძულვილის ენისგან და აგრესიისგან, რადგან საზოგადოებაში ამის დაკვეთა არ არის“, – განაცხადა ირა ჭელიძემ.

ამ განცხადებით ირა ჭელიძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, როგორ უნდა დაიცვას თავი საზოგადოებამ სიძულვილის ენისგან და აგრესიისგან.

მისი თქმით, საზოგადოებაში დაკვეთა უნდა გაჩნდეს პოლიტიკური კულტურის ამაღლებით, განათლებით, მართლმსაჯულების სისტემის გაჯანსაღებით და ა.შ.

„ეს კომპლექსური საკითხია. სანამ მე თავს სამართლიან სივრცეში არ ვიგრძნობ, დაცულობის განცდა არ მექნება, არაფრისგან. ახლა, თავს უსამართლო სივრცეში ვგრძნობ, სადაც ვიღაც ისჯება, მაგრამ ვიღაც არ ისჯება, იმიტომ, რომ პოლიტიკურ, თუ სხვა ელიტას ეკუთვნის და ა.შ.“ – განაცხადა ირა ჭელიძემ.

როგორც სარეკლამო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების სპეციალისტმა აღნიშნა, საზოგადოება ღირებულებებზე არ არის ჩამოყალიბებული, ასეთ პირობებში კი ყველაზე რეიტინგულია არხი, რომელიც ყველაზე საზარელ სიძულვილის ენას აფრქვევს, მთელი მისი პოლიტიკა მთლიანად ფეიკ ნიუსზეა აწყობილი და მისი დირექტორი ადამიანთა პირად ცხოვრებაში იქექება.

„ის შემდეგ ბოდიშს იხდის, მაგრამ იხდის იმიტომ, რომ შემდეგ იგივე გააკეთოს. საზოგადოებას ამაზე პროტესტი რომ ჰქონდეს, იცით რა მოხდებოდა? ამ არხს უბრალოდ, რეიტინგი დაუვარდებოდა, რადგან იქ რეკლამას არ მივიტანდით და არ ვუყურებდით, მაგრამ ჩვენ ამას ვუყურებთ“, – განაცხადა ირა ჭელიძემ.