საარჩევნო სუბიექტის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების შემქმნელი სააგიტაციო და სარეკლამო მასალის აკრძალვის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებები ბიუროს სხდომაზე დაინიცირდება
საარჩევნო სუბიექტის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების შემქმნელი სააგიტაციო და სარეკლამო მასალის აკრძალვის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებები ბიუროს სხდომაზე დაინიცირდება

საარჩევნო კოდექსსა და „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებების ინიცირება პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება. ცვლილებების მიხედვით, საარჩევნო კამპანიის დროს არჩევნებში მონაწილე სუბიექტის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების შემქმნელი სააგიტაციო და სარეკლამო მასალის გავრცელება იკრძალება და აღნიშნულ დარღვევაზე შესაბამისი ჯარიმები წესდება.

ოპოზიციის ნაწილი ინიციატივას მხარს არ უჭერს და აცხადებს, რომ აღნიშნული ინიციატივით გამოხატვის თავისუფლება შეიზღუდება.

„ჩვენ ვნახეთ, რომ კომპანია „ალმა“, ძირითადად, ასრულებს სახელმწიფოს დაკვეთებს. მე არ ვთლი, რომ ეს კანონპროექტი რაიმეს ემსახურება, გარდა იმისა, რომ შეიზღუდოს ნებისმიერი სახის გამოხატვის თავისუფლება, რადგან თუ მათ ამის გაკეთება სურდათ, უნდა აეკრძალათ და უარი ეთქვათ იმ ზიზღის ბანერების გაკვრაზე, რაც უკვე გააკეთეს და ახლა უცებ ამისთანა კანონპროექტის წარდგენა, მე არ ვფიქრობ, რომ რაიმეს უშველის ან რაიმეს შეცვლის“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნონა მამულაშვილმა.

მმართველი გუნდი კი მიესალმება აღნიშნულ ინიციატივას და აცხადებს, რომ წარმოდგენილი პროექტი წინასაარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

„პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ჩვენ განვიხილავთ პარლამენტარების ინიციატივას საარჩევნო კოდექსში და „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებს, რომლის მიხედვით დარეგულირდება წინასაარჩევნო კამპანიის დროს და ზოგადად, რომ აიკრძალოს ნებისმიერი საარჩევნო სუბიექტისა და კანდიდატის მიმართ რაიმე ტიპის უარყოფითი დამოკიდებულების გამოხატვა და შესაბამისი სანქციები დადგინდება, რომლებიც იქნება ცესკო-ს თავმჯდომარისა და შესაბამისი საოლქო კომისიების წარმომადგენლების მიერ. ბუნებრივია, ჩვენ გვინდა, რომ კიდევ ერთხელ გავაუმჯობესოთ საარჩევნო გარემო“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

დატოვე კომენტარი