იოსებ ნანობაშვილი - სერბეთის პატრიარქმა დამიდასტურა, რომ ბიბილოვი მიიღო, როგორც რიგითი ქრისტიანი
სერბეთის საპატრიარქო ხაზს უსვამს, რომ არავითარ ოფიციალურ შეხვედრას ბიბილოვთან ადგილი არ ჰქონია, – ამის შესახებ პირველ არხს საბერძნეთისა და სერბეთის რესპუბლიკებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა იოსებ ნანობაშვილმა განუცხადა.
მისივე თქმით, სერბეთის პატრიარქს ბიბილოვი ერთ-ერთი შეხვედრის დროს წარუდგინეს საბერძნეთში და პატრიარქის განცხადებით, ბიბილოვი მიიღო, როგორც რიგითი ქრისტიანი.
„ბოლო დღეების განმავლობაში არაერთგზის ვესაუბრე სერბეთის საპატრიარქოს, თავად პატრიარქ ირინეოსსაც. საპატრიარქოსთან მქონდა ასევე წერილობითი კომუნიკაცია. სერბეთის პატრიარქმა დამიდასტურა, რომ არავითარ ოფიციალურ შეხვედრას ბიბილოვთან ადგილი არ ჰქონია, იგი პატრიარქს წარუდგინეს ერთ-ერთი შეხვედრის დროს და პატრიარქის თქმით, მან ბიბილოვი მიიღო მხოლოდ როგორც რიგითი ქრისტიანი. სერბეთის პატრიარქმა აღნიშნა, რომ სერბ და ქართველ ხალხებს, ისევე, როგორც სერბულ და ქართულ ეკლესიებს აკავშირებს ძმური და მეგობრული ურთიერთობა“, – განაცხადა იოსებ ნანობაშვილმა.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის გავრცელებული ინფორმაციით, სერბეთის პატრიარქი ანატოლი ბიბილოვს 12 იანვარს შეხვდა. ინფორმაცია შეხვედრის ამსახველ ფოტომასალასთან ერთად დეფაქტო რეჟიმმა გაავრცელა. მასში ნათქვამი იყო, მხარეებმა საერთო ქრისტიანულ საკითხებზე იმსჯელეს.
ამავე შეხვედრასთან დაკავშირებით, საქართველოს საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილებამ გაავრცელა წერილი, რომელიც სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო საქმეთა განყოფილებას მისწერა.
გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, ბოსნიის საგარეო უწყებამ განაცხადა, რომ არაღიარებული სამხრეთ ოსეთიდან ვიზიტი ბოსნია-ჰერცოგოვინას სერბთა რესპუბლიკისთვის ზიანის მომტანია. განცხადებაში, რომელიც “ამერიკის ხმამ” გაავრცელა ასევე ნათქვამი იყო, რომ ამ ვიზიტთან დაკავშირებით ოფიციალური სახელმწიფო უწყებები ინფორმირებულნი არ ყოფილან.