ბოსნიის საგარეო საქმეთა სამინისტრო - ბიბილოვის ვიზიტი აზიანებს ჩვენი რესპუბლიკის რეპუტაციას
ბოსნიის საგარეო საქმეთა სამინისტრო - ბიბილოვის ვიზიტი აზიანებს ჩვენი რესპუბლიკის რეპუტაციას

ბოსნია-ჰერცეგოვინას სერბთა რესპუბლიკაში (Republika Srpska) ოკუპირებული ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმის წარმომადგენლების ვიზიტთან დაკავშირებით 11 იანვარს ბოსნიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გააკეთა, სადაც დაადასტურა, რომ სამინისტრო ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობდა – იუწყება „ამერიკის ხმა“.

„თვითგამოცხადებული და საერთაშორისო დონეზე არაღიარებული სამხრეთ ოსეთიდან ვიზიტმა, ბოსერსნია-ჰერცეგოვინას სერბთა რესპუბლიკას დიდი ზიანი მიაყენა. ამან რესპუბლიკა სრპსკას რეპუტაცია შელახა და მნიშვნელოვნად დააზიანა მისი სტატუსი საერთაშორისო არენაზე“, – განაცხადა ბოსნია-ჰერცეგოვინის საგარეო საქმეთა მინისტრმა იგორ ჩრნადაკმა.

სამინისტრომ ასევე აღნიშნა, რომ ის არ იყო ვიზიტის შესახებ ინფორმირებული და მის ორგანიზებაში მონაწილეობა არ მიუღია.

„ამერიკის ხმა“​ წერს, რომ ჩრნადაკის განცხადებით, ამან რესპუბლიკა სრპსკას სტატუსი (ეს უკანასკნელი ბოსნია-ჰერცეგოვინის საერთაშორისოდ აღიარებული სრულუფლებიანი ერთეულია) ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის „საეჭვო საერთაშორისო სტატუსს“ გაუთანაბრა. მან იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინას შორის ურთიერთობებს არ დააზიანებს.

„ამერიკის ხმის“ ცნობით, ასევე, ბოსნიის კოლექტიური პრეზიდიუმის წევრმა მლადენ ივანიჩმა თქვა, რომ ამის შესახებ პრეზიდიუმმა არაფერი იცოდა.

რუსეთის მიერ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი ავრცელებს ინფორმაციას, რომ სერბეთის საპატრიარქოში სერბეთის პატრიარქს შეხვდა. ბიბილოვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თან ახლავს სერბეთის საპატრიარქოში გამართული შეხვედრის ამსახველი ფოტომასალა.

პირველი არხი აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. საგარეო უწყებაში განაცხადეს, რომ მომხდარის დეტალებს საქართველოს საელჩო სერბეთის საპატრიარქოსთან არკვევს.

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის სერბეთის პატრიარქთან შეხვედრის საკითხის გარკვევა საქართველოს საპატრიარქოში პროტოპრესვიტერ მამა გიორგი ზვიადაძეს დაევალა. მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე სერბეთის საპატრიარქოსთან დაკავშირებას ცდილობს, თუმცა ამ დრომდე მათთან კომუნიკაცია ვერ შედგა. მამა გიორგი ზვიადაძე ვარაუდობს, რომ სერბეთის საპატრიარქოდან პასუხს ორშაბათს, 15 იანვარს მიიღებს.