მამა კახაბერ გოგოტიშვილი - თუ ვინმეს ესმის საქართველოსი, ყველაზე კარგად - სერბეთის რესპუბლიკას
მამა კახაბერ გოგოტიშვილი - თუ ვინმეს ესმის საქართველოსი, ყველაზე კარგად - სერბეთის რესპუბლიკას

თუ ვინმეს ესმის საქართველოსი, ამ შემთხვევაში ყველაზე კარგად – სერბეთის რესპუბლიკას, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საგარეო განყოფილების ხელმძღვანელმა, მამა კახაბერ გოგოტიშვილმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და სერბეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის, მაია გოიკოვიჩის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ქალბატონი მაია პირდაპირ გამორიცხავს, რომ რაიმე შეხება შეიძლება ჰქონდეს სეპარატისტულ ე.წ. რესპუბლიკასთან, რადგან თვითონ სერბეთის ბედიც ძალიან ჰგავს საქართველოს ბედს და მათაც იგივე პრობლემები აქვთ თავიანთ ქვეყანაში“, – აღნიშნა მამა კახაბერ გოგოტიშვილმა.

მისი თქმით, საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე სერბეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს სერბეთის პატრიარქისა და ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის შეხვედრის შესახებ დაუსვეს კითხვა. მამა კახაბერ გოგოტიშვილის განცხადებით, მაია გიოკოვიჩმა განმარტა, რომ ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ლიდერს სერბეთში არც ერთი ოფიციალური ვიზიტი არ ჰქონია.

„პირად საუბარში ჩვენ ვკითხეთ ქალბატონ პარლამენტის თავმჯდომარეს ამის შესახებ. მან გვიპასუხა, რომ არც ერთი ოფიციალური ვიზიტი ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტს არ ჰქონია სერბეთის რესპუბლიკაში. რაც შეეხება მის საპატრიარქოში ვიზიტს, როდესაც ის შეხვდა სერბეთის პატრიარქს, იქიდან ჩვენ პასუხი მივიღეთ. ჩვენს ელჩს გამოუგზავნეს პასუხი, რომ ეს არ იყო ოფიციალური ვიზიტი. ის ჩაფრინდა უბრალოდ ბელგრადში და მიემგზავრებოდა ბოსნია-ჰერცეგოვინაში. უბრალოდ შეატარეს საპატრიარქოში ვიღაც ნაცნობმა. მან კურთხევა მიიღო პატრიარქიგფან. არანაირი ოფიციალური ვიზიტი არ ყოფილა. ეს დასტურდება იმითაც, რომ ყველა ოფიციალური ვიზიტის შესახებ სერბეთის საპატრიარქოს გვერდზე განთავსებულია ხოლმე ამის ამსახველი ფოტომასალა, ასევე ვიზიტის მიზანი და შინაარსი. მსგავსი რამ საიტზე არ გავრცელებულა“, – განაცხადა მამა კახაბერ გოგოტიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული დიპლომატიური ურთიერთობები და სამომავლოდ დანიშნული ღონისძიებები განიხილეს.

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ლიდერსა და სერბეთის პატრიარქს შორის შეხვედრა 12 იანვარს, სერბეთის საპატრიარქოში შედგა.

გავრცელებული ცნობით, შეხვედრაზე „საერთო ქრისტიანული საკითხები“ განიხილეს. საბერძნეთისა და სერბეთის რესპუბლიკებში საქართველოს სრულუფლებიან ელჩს, იოსებ ნანობაშვილს პატრიარქმა ირინეოსმა პირადად დაუდასტურა, რომ შეხვედრა არაოფიციალურად შედგა.