ინვესტორი თბილისის მერიას ვაკის პარკში სასტუმროს ნაცვლად რესტორან „ბუდაპეშტის“ აღდგენას სთავაზობს
ინვესტორი თბილისის მერიას კომპრომისულ ვარიანტს სთავაზობს და მზად არის, უარი თქვას სასტუმროს მშენებლობაზე. სანაცვლოდ ვალდებულებას იღებს, აღადგინოს 1958 წელს აშენებული რესტორანი „ბუდაპეშტი“ ისტორიული ფასადის შესაბამისად.
ინვესტორის განცხადებით, თბილისის მერიასთან ტერიტორიის ადგილმონაცვლეობასთან დაკავშირებით შეთანხმება ვერ შედგა და მიუხედავად სამართლებრივად სასტუმროს მშენებლობის უფლებისა, კომპანია თანხმდება დედაქალაქის მთავრობის ერთი წლის წინანდელ შეთავაზებას, რესტორნის აღდგენის თაობაზე.
აღნიშნული გადაწყვეტილება კომპანიის წარმომადგენლის, გოგა ზაქაიძის განცხადებით, ვაკის პარკის რეაბილიტაციის პროექტის ხილვის შემდეგ მიიღეს. ინვესტორი, ასევე იღებს ვალდებულებას მოაწყოს ველო ბილიკი, რომლითაც უსასყიდლოდ ისარგებლებს ყველა მსურველი.
„მრავალწლიანი სასამართლო პროცესების მიუხედავად, როდესაც ჩვენ გავიმარჯვეთ სასტუმრო ბუდაპეშტის მშენებლობასთან დაკავშირებით, მაინც გვინდა მივმართოთ ქალაქ თბილისის მერიას კომპრომისული ინიციატივით, რომლის შედეგადაც ამ ტერიტორიაზე სასტუმრო „ბუდაპეშტი“ აღარ აშენდება. ჩვენ ყველამ ვიხილეთ მერიის პრეზენტაცია ვაკის პარკის ისტორიული კასკადის რეაბილიტაცია-აღდგენასთან დაკავშირებით და ჩვენც გვინდა მივიღოთ მონაწილეობა ამ პროცესში. ამ პროცესიდან გამომდინარე, ვთავაზობთ აღვადგინოთ ისტორიული შენობა, რომელიც 1958 წლიდან იდგა ამ ტერიტორიაზე, ზუსტად იგივე სიმაღლის და ზუსტად იგივე ფასადით. ეს რესტორანი 70 წლის განმავლობაში იყო თბილისელების შეკრების ადგილი და არავის არ აწუხებდა, პირიქით, იყო კოლორიტული ადგილი. ჩვენ ამ ინიციატივით გვინდა განვაცხადოთ თანხმობა და დავუბრუნდეთ ქალაქ თბილისის მერის შემოთავაზებას და ინიციატივას, რომ აღდგენილიყო ისტორიული შენობა ნაგებობა, რესტორანი „ბუდაპეშტის“ სახით. ჩვენ გვინდა შევთავაზოთ ქალაქ თბილისის მერიას შეთანხმება რესტორან „ბუდაპეშტის“ აღდგენასთან დაკავშირებით. ამავდროულად, ჩვენ ვართ მზად, მივიღოთ მონაწილეობა ვაკის პარკის ტერიტორიის აღდგენასა და რეაბილიტაციაში. ჩვენ ვართ მზად, რომ ამ ტერიტორიაზე საერთოდ ავტომობილების სიარული ავკრძალოთ. ყველაზე ძირითად რაც არის აღდგება ისტორიული შენობა, 2013 წელს მოხდა დემონტაჟი და 2013 წლამდე ეს შენობა ნაგებობა ხელს არავის არ უშლიდა. ზუსტად იგივე სიმაღლის და ზუსტად იგივე ფასადის. ამასთან ერთად დაიზოგება ის ადგილმონაცვლეობის შემოთავაზება, რომელიც მათ არ აქვთ ჯერჯერობით ჩვენთვის შემოთავაზებული, მაგრამ შეიძლება, რომ შემოგვთავაზონ ან ის თანხა, რომელიც მათ უნდა გასცენ კომპესაციის სახით“, – განაცხადა გოგა ზაქაიძემ.