მაია ბითაძე - სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობის საკითხზე გამოვიყენებთ სამართლებრივ ბერკეტებს ისე, რომ არავის ინტერესი დაირღვეს
მაია ბითაძე - სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობის საკითხზე გამოვიყენებთ სამართლებრივ ბერკეტებს ისე, რომ არავის ინტერესი დაირღვეს

თბილისის მერის მოადგილის, მაია ბითაძის განცხადებით, სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობის საკითხზე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან კონსტრუქციული შეხვედრა ჰქონდათ.

როგორც ბითაძემ აღნიშნა, აქვთ სამართლებრივი ბერკეტები, რის გამოყენებასაც გეგმავენ ისე, რომ არც კერძო მესაკუთრის ინტერესი იყოს დარღვეული და არც ქალაქის.

„ ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობდით, რომ გვაქვს სამართლებრივი ბერკეტები, რის გამოყენებასაც ვგეგმავთ ისე, რომ არც კერძო მესაკუთრის ინტერესი იყოს დარღვეული და არც ქალაქის.  შესაბამისად, გავცვალეთ მათ შორის იურიდიული მიმართულებით ის ხედვები, რაც როგორც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, მათ შორის იურისტებს აქვთ ამ მიმართულებით. მათ გაგვაცნეს რაც პრაქტიკულად დაემთხვა იმ ხედვებს, რაც ჩვენ გვაქვს სამართლებრივ ბერკეტებთან დაკავშირებით, თუმცა ორივე მხარე ვთანხმდებით, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ სამართლებრივ სახელმწიფოში ვცხოვრობთ კერძო მესაკუთრის ინტერესებიც უნდა იქნას დაცული. თუმცა არა იმ გზით, რომ ამან საჯარო ინტერესი ხელყოს, რადგან ამ შემთხვევაში ჩვენ საჯარო ინტერესი გვაქვს, რომელიც ამ შემთხვევაში არის ბევრად უფრო მაღალღირებული, ვიდრე კერძო ინტერესი“,- განაცხადა ბითაძემ.

ამასთან, მისივე ინფორმაციით, კერძო მესაკუთრესთან შეხვედრა ხვალაც გაიმართება.

„ხვალ დილით მოხდება ხელახალი შეხვედრა კერძო მესაკუთრესთან, ინვესტორთან და ვფიქრობთ, რომ ისიც გაიზიარებს როგორც მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის, ასევე მთელი ქალაქის და შეიძლება ითქვას მთელი ქვეყნის მოთხოვნას იმასთან დაკავშირებით, რომ თუნდაც არ მოხდეს შემდგომი სასამართლო დავის გაგრძელება ამ საკითხთან დაკავშირებით და საკითხი გადაიჭრას კონსენსუსის და მოლაპარაკების გზით“,- განაცხადა ბითაძემ.

ქალაქმგეგმარებლის, ზურაბ ბაქრაძის განცხადებით, შეხვედრაზე აღმოჩნდა, რომ მათი და ქალაქის მმართველობის მიზნები ემთხვევა.

„ძალიან კონსტრუქციული საუბარი იყო, რაც განსაკუთრებით სასიხარულოა. აღმოჩნდა, რომ ჩვენი და ქალაქის მმართველობის მიზნები ერთმანეთს ემთხვევა, საზოგადოებას და ქალაქის მმართველობას აქვს ერთი და იგივე მიზნები ამ სიტუაციიდან გამოსვლის, ამ მიზანს ჰქვია, რომ იქ არაფერი არ უნდა აშენდეს.

შემდგომი თემა იყო როგორი იურიდიული ინსტრუმენტები შეიძლება არსებობდეს ამ საერთო მიზნების მიღწევისთვის და აქაც გამოიკვეთა კონტურები იმისა, რომ სპეციალური შეთანხმება შეიძლება გახდეს ძალადაკარგული, რომელიც ხელფეხს გაუხსნის ქალაქის მმართველობას ინვესტორთან უფრო კარგი საუბრისთვის, გაგებით საუბრისთვის როდესაც ინვესტორს აღარ ექნება შესაძლებლობა სრულიად არარეალისტური ფასი მოითხოვოს კომპენსაციისთვის.

ეს არის არა ხისტი დამოკიდებულება თვითონ ინვესტორთანაც, არამედ კომპრომისული დამოკიდებულება და მგონი ინვესტორი ამ კომპრომისზე წამოვა. ამდენად, მე ამას ვაფასებ როგორც ძალიან კარგ შეხვედრას, იმედისმომცემ შეხვედრას“,- განაცხადა ბაქრაძემ.

თბილისში, ვაკის პარკის ტერიტორიაზე სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობის საკითხთან დაკავშირებით დედაქალაქის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

დედაქალაქის მერი კახა კალაძე, ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე და მერის მოადგილე მაია ბითაძე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ.