სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობის საკითხზე კახა კალაძე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს ხვდება
სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობის საკითხზე კახა კალაძე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს ხვდება

თბილისში, ვაკის პარკის ტერიტორიაზე სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობის საკითხთან დაკავშირებით დედაქალაქის მერიაში სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს.

დედაქალაქის მერი კახა კალაძე, ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე და მერის მოადგილე მაია ბითაძე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს ხვდებიან.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე ქალაქმგეგმარებელმა, ზურაბ ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, იურისტებს აქვთ კონკრეტული გეგმა, თუ როგორ შეიძლება, რომ ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობის ნებართვა არ გაიცეს. შეხვედრაზე სწორედ ამ საკითხზე ისაუბრებენ.

„ვიცე-მერის გამოსვლიდან დაგვრჩა შთაბეჭდილება, რომ კარგად ვერ ხედავენ შესაძლებლობებს, რომელიც ამ მხრივ მერიას აქვს. შესაბამისად, საჭიროდ მივიჩნიეთ სამუშაო შეხვედრა, რათა გვეჩვენებინა მერიის წარმომადგენლებისთვის რა არსებითი და იურიდიული შესაძლებლობები არსებობს, რომ არ გაიცეს მშენებლობის ნებართვა“, – განაცხადა ზურაბ ბაქრაძემ.

მისი თქმით, მერიას შეუძლია ზონალური შეთანხმების ბათილად ცნობა, რასაც იურისტები განმარტავენ.

„სპეციალისტებმა ნახეს ასეთი იურიდიული გამოსავალი. ეს იქნება გზის გახსნა მერიისთვის, რათა თანაბარ პირობებში შეძლოს ინვესტორებთან საუბარი“, – განაცხადა შეხვედრის დაწყებამდე ზურაბ ბაქრაძემ.

საუბარია 2013 წელს გაცემულ ვაკის პარკის ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებელობის ნებართვაზე. ინვესტორს ვაკის პარკში მრავალსართულიანი სასტუმრო უნდა აეშენებინა. ნებართვის გაუქმების მიზნით, დავა სასამართლოს სამივე ინსტანციაში მიმდინარეობდა, რომელიც ბოლოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით დასრულდა. სასამართლომ არ დააკმაყოფილა ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“ საჩივარი 2013 წელს გაცემული მშენებლობის ნებართვის გაუქმების შესახებ.

დატოვე კომენტარი