ინტერპოლმა ბეირუთში მომხდარ აფეთქებაზე რუსეთის ორ მოქალაქეზე ძებნა გამოაცხადა
ინტერპოლმა ბეირუთში მომხდარ აფეთქების საქმეზე რუსეთის ორ მოქალაქეზე ძებნა გამოაცხადა. ოფიციალურად ძებნილების ვინაობა არ სახელდება, თუმცა ლიბანური მედია წერს, რომ საუბარია ბიზნესმენ იგორ გრეჩუშკინზე და მეზღვაურ ბორის პროკოშევზე.
საქმე ეხება ბეირუთის პორტში შარშან მომხდარ აფეთქებას, რომელსაც 200-მდე ადამიანი ემსხვერპლა.
ინტერპოლის მიერ ძებნილად გამოცხადებული იგორ გრეჩუშკინი იმ გემის მფლობელია, რომლითაც 2013 წელს ბეირუთში ამონიუმის გვარჯილა ჩაიტანეს, ხოლო ბორის პროკოშევი ამავე გემის კაპიტანია.
შარშან ლიბანის სასამართლომ რუსეთის ორივე მოქალაქეს დაუსწრებლად პატიმრობა მიუსაჯა. გარდა ამისა, ამავე საქმეზე ინტერპოლმა ძებნა გამოაცხადა პორტუგალიელ ჟორჟ მანულე ნეტუ მორიერაზე, რომელიც ამონიუმის გვარჯილით ვაჭრობდა და 2014 წელს ბეირუთში გაჩერებულ გემზე ტვირთი დაათვალიერა.
აფეთქება ბეირუთში 2020 წლის 4 აგვისტოს მოხდა. აფეთქების მიზეზი პორტში მდებარე საწყობში გაჩენილი ხანძარი იყო. შედეგად, 200-მდე ადამიანი დაიღუპა, ხოლო 300 ათასი ადამიანი უსახლკაროდ დარჩა.
2020 წლის დეკემბერში ლიბანის პროკურატურამ ამ საქმეზე სამსახურებრივი გულგრილობის მუხლით ბრალი ლიბანის ყოფილ პრემიერ მინისტრ ჰასან დიაბს და ფინანსთან ექს-მინისტრსაც წაუყენა.