მედიის ინფორმაციით, ინტერპოლის ახალ პრეზიდენტად არაბთა გაერთიანებული საამიროების გენერალი ნასერ ალ-რაისი აირჩიეს, რომელიც წამების საქმეზეა ბრალდებული
მედიის ინფორმაციით, ინტერპოლის ახალ პრეზიდენტად არაბთა გაერთიანებული საამიროების გენერალი ნასერ ალ-რაისი აირჩიეს, რომელიც წამების საქმეზეა ბრალდებული

ინტერპოლის ახალ პრეზიდენტად არაბთა გაერთიანებული საამიროების გენერალი, ნასერ ალ-რაისი აირჩიეს, რომელიც წამების საქმეზეა ბრალდებული, – ამის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

გენერლის წინააღმდეგ წამების შესახებ საჩივრები ბოლო თვეებში შეიტანეს საფრანგეთსა და თურქეთში, რომელიც ამ კვირაში სტამბოლში ინტერპოლის გენერალურ ასამბლეას მასპინძლობს.

მედიის ინფორმაციით, ახალი პრეზიდენტის არჩევამდე, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ორგანიზაცია უხვად დააფინანსა და აბუ დაბიმ ბოროტად გამოიყენა ინტერპოლის ეგრეთ წოდებული „წითელი შეტყობინებების“ სისტემა ძებნილი ეჭვმიტანილების მიმართ პოლიტიკური დისიდენტების დევნის მიზნით.

მედიის ცნობით, არაბთა გაერთიანებული საამიროების შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექტორი, გენერალ-მაიორი აჰმედ ნასერ ალ-რაისის სახელი დაკავშირებულია პოლიტპატიმრების წამებასთან. კრიტიკოსები შიშობენ, რომ ნასერ ალ-რაისიმ შესაძლოა, ინტერპოლის გლობალური წვდომა გამოიყენოს დევნილი დისიდენტების და თუნდაც პოლიტიკური ოპონენტების დასაკავებლად, ნაცვლად იმისა, რომ იმუშაოს ნარკოტიკების კონტრაბანდისტების, ადამიანებით მოვაჭრეების, ომის დანაშაულში ეჭვმიტანილებისა და სავარაუდო ექსტრემისტების წინააღმდეგ.

ალ-რაისის კანდიდატურას ევროპაში პროტესტი მოჰყვა. ფრანგმა დეპუტატებმა პირდაპირ მიმართეს პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს, რომ საკითხში ჩაერიოს. გერმანელი დეპუტატები აცხადებენ, რომ მისი კანდიდატურა ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას. თავად ალ-რაისი ამბობს, რომ სურს, გამოიყენოს თავისი ოთხწლიანი ვადა ინტერპოლის მოდერნიზებისთვის.