რუსეთმა საერთაშორისო სანქციების ქვეშ მყოფი და ძებნილი ბიზნესმენის, ილან შორის მოლდოვაში ექსტრადირებაზე უარი განაცხადა
რუსეთმა საერთაშორისო სანქციების ქვეშ მყოფი და ძებნილი ბიზნესმენის, ილან შორის მოლდოვაში ექსტრადირებაზე უარი განაცხადა

რუსეთმა საერთაშორისო სანქციების ქვეშ მყოფი და ძებნილი ბიზნესმენის, ილან შორის მოლდოვაში ექსტრადირებაზე უარი განაცხადა. მოლდოვური მედიის ცნობით, ამის შესახებ მოლდოვაში ინტერპოლის განყოფილების ხელმძღვანელმა, ვიორელ ცენტიუმ განაცხადა.

მისი თქმით, რუსულმა მხარემ მიზეზად დაასახელა ის, რომ ინტერპოლი არ უნდა ჩაერიოს პოლიტიკურ, სამხედრო, რელიგიურ და რასობრივ საკითხებში.

„ჩვენ რუსეთის ფედერაციისგან მივიღეთ პასუხი, რომელიც, ჩემი აზრით, აბსურდულია. რუსეთის ხელისუფლება შორის საქმეში თავისი ჩაურევლობის განმარტებისას ეყრდნობა კონსტიტუციის მესამე მუხლს. შეგახსენებთ, რომ მესამე მუხლში საუბარია პოლიტიკურ, სამხედრო, რელიგიურ და რასობრივ საკითხებში ჩაურევლობაზე. თუმცა 2021 წელს ფაილების კონტროლის კომისიამ განაცხადა, რომ მოლდოვის მოთხოვნა შორის საერთაშორისო ძებნაში გამოცხადების, დაპატიმრებისა და ექსტრადირების შესახებ აბსოლუტურად კანონიერია და შეესაბამება კონსტიტუციის დებულებებსა და ინფორმაციის დამუშავების წესებს“, – განაცხადა ცენტიუმ.

მისი თქმით, მან ინტერპოლის ცენტრალურ ოფისს მიმართა. ინტერპოლის წარმომადგენლის თქმით, იმ ინფორმაციის გათვალისწინებთ, რომლის თანახმადაც შორი აცხადებდა, რომ იმყოფებოდა რუსეთის ფედერაციაში, რუსეთი, როგორც ინტერპოლის წევრი სახელმწიფო, არ ასრულებს თავის ვალდებულებებს.

რუსეთთან დაკავშირებული ბიზნესმენი ილან შორი 2015 წელს მოლდოვის საბანკო სისტემიდან ერთი მილიარდი დოლარის გატანის სკანდალის ერთ-ერთი ფიგურანტია. 2019 წლის ივნისში შორმა მოლდოვა დატოვა, რის შემდეგაც ის ისრაელში ცხოვრობდა.

მოლდოვაში პარტია „შორის“ ლიდერს, ქვეყნიდან გაქცეულ ბიზნესმენს, ილან შორს დაუსწრებლად 15 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი მილიარდი დოლარის მოპარვის საქმეზე. ამის შემდეგ მოლდოვის იუსტიციის სამინისტრომ ისრაელს მოსთხოვა შორის ექსტრადირების საკითხის განხილვის დაჩქარება, პარლამენტმა კი შორს დეპუტატის მანდატი ჩამოართვა. მისი პარტია, რომელიც ქვეყანაში თვეების განმავლობაში ანტისამთავრობო გამოსვლებს მართავდა, არაკონსტიტუციურად გამოცხადდა.

7 თებერვალს მოლდოვაში ინტერპოლის ბიუროს ხელმძღვანელმა, ვიორელ ცენტიუმ განაცხადა, რომ შორმა პირველ თებერვალს ისრაელი დატოვა. ამის შემდეგ ინტერპოლმა მიმართა რუსეთს გაქცეული ბიზნესმენის დაკავებისა და მოლდოვაში ექსტრადირების მოთხოვნით.