შსს-მ ინტერპოლის წითელი ცირკულარით თურქეთის რესპუბლიკის მიერ ძებნილი ხუთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ძებნის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ინტერპოლის წითელი ცირკულარით თურქეთის რესპუბლიკის მიერ ძებნილი ხუთი პირი ბათუმში დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულები არიან:
1977 წელს დაბადებული ო.გ., რომელსაც სხეულის დაზიანება და სექსუალური ძალადობა ედება ბრალად. იგი სამართალდამცველების მიერ 2021 წლიდან იძებნებოდა.

1983 წელს დაბადებული ფ.დ., რომელიც ბრალდებულია სხეულის დაზიანების, იარაღის ტარებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთისათვის. იგი წითელი ცირკულარით 2020 წლიდან იყო ძებნილი.

1985 წელს დაბადებული ა.ე., რომელსაც თურქეთის ინტერპოლი ჯგუფურად ჩადენილი შეიარაღებული ძარცვისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთისათვის 2021 წლიდან ეძებდა.

1988 წელს დაბადებული თ.ა., რომელიც თურქი სამართალდამცველების მიერ შეიარაღებული ძარცვასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით, წითელი ცირკულარით, 2019 წლიდან იძებნებოდა.

1971 წელს დაბადებული ბ.ი., რომელიც პროსტიტუციაში ჩართვის, პროსტიტუციისთვის ადგილის გამოყოფისა და პროსტიტუციის წახალისებისათვის წითელი ცირკულარით 2017 წლიდან იყო ძებნილი.

„ამჟამად, დაკავებულების მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს“, – აცხადებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში.

დატოვე კომენტარი