ინტერნეტში ვრცელდება ახალ ზელანდიაში მეჩეთზე თავდამსხმელის შაშხანის მჭიდის ფოტო, რომელზეც დავით აღმაშენებლისა და დავით სოსლანის სახელები ქართულად წერია
ახალ ზელანდიაში მეჩეთზე თავდამსხმელის შაშხანის ერთ-ერთ მჭიდზე დავით აღმაშენებლისა და დავით სოსლანის სახელები ქართულად წერია.
მედიაში გავრცელებული ფოტოები თავდამსხმელის, ბრენტონ ტარანტის სოციალური ქსელ, „ტვიტერის“ პირადი გვერდებიდან არის აღებული, რომელიც მოგვიანებით წაიშალა.
მედიაში გავრცელებულ ფოტოსურათებზე, მჭიდების გარდა წარწერები სხვადასხვა ენაზე ორ შაშხანაზეც არის განთავსებული.
კრაისტჩერჩში ორ მეჩეთზე თავდასხმა გუშინ მოხდა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 40 ადამიანი. ათეულობით ადამიანი დაიჭრა.
პირველი თავდასხმა მასჯიდ ალ ნურის მეჩეთში მოხდა, სადაც იმ დროისთვის 300-მდე ადამიანი იმყოფებოდა. თვითმხილველთა განცხადებით, მეჩეთში შავებში ჩაცმული მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით შეიჭრა და სროლა დაიწყო. თავდამსხმელმა ცეცხლი ჯერ მამაკაცების შემდეგ კი, ქალების სამლოცველო დარბაზში გახსნა და სამართალდამცველების მისვლამდე ადგილიდან მიიმალა. ამ ინციდენტიდან მცირე დროის შემდეგ, მორიგი თავდასხმა ქალაქ კრაისტჩარჩში მდებარე კიდევ ერთ მეჩეთში მოხდა.
კრაისტჩერჩის ორ მეჩეთში თავდასხმის ფაქტზე პოლიციამ ავსტრალიის მოქალაქე ბრენტონ ტარანტი დააკავა. მან თავდასხმამდე „ანტიიმიგრაციული მანიფესტი“ გამოაქვეყნა, სადაც მის ქმედებებს განმარტავს და ტერორისტულ აქტად აფასებს.