ინტერნეტში ვაქცინების საწინააღმდეგო კონსპირაციების უმეტესობის უკან მხოლოდ 12 ადამიანი დგას — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება
ინტერნეტში ვაქცინების საწინააღმდეგო კონსპირაციების უმეტესობის უკან მხოლოდ 12 ადამიანი დგას — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება

COVID-19-ის წინააღმდეგ ვაქცინაცია გლობალური პანდემიის პირობებში ყველაზე საიმედო გზაა მრავალი სიცოცხლის გადასარჩენად. თუმცა, ვაქცინებისადმი ორჭოფობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან იმუნიზაციის პროცესს აფერხებს და ხალხის ასეთი ყოყმანის მიზეზის გარკვევა ახლა იმდენად მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს.

უახლესი კვლევის მიხედვით, ამ საკმაოდ დიდი პრობლემის მოზრდილ ნაწილს სინამდვილეში ერთი პატარა საწყისი წერტილი აქვს. ახალ კვლევაში მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სოციალურ მედიაში გავრცელებული ვაქცინაციის საწინააღმდეგო კონსპირაციათა უმეტესობის კვალი რამდენიმე პიროვნების ანგარიშამდე მიდის, რომლებიც მოწინავე ანტივაქსერი პირები არიან.

საერთო ჯამში, ამ 12 ადამიანზე და მათ ორგანიზაციებზე, ე. წ. დეზინფორმაციის ათეულზე მოდის ფეისბუქსა და ტვიტერზე გავრცელებული ვაქცინაციის საწინააღმდეგო მცდარი, დამაბნეველი პროპაგანდის დაწყების 65 პროცენტი.

ეს რიცხვი ეფუძნება ფეისბუქსა და ტვიტერზე 2021 წლის 1 თებერვლიდან 16 მარტამდე გაზიარებული 812 000 პოსტის ანალიზს, რომელიც ციფრული სიძულვილის საწინააღმდეგო ცენტრმა (CCDH) და Anti-Vax Watch-მა ჩაატარეს; ეს ორგანიზაციები ვაქცინაციის საწინააღმდეგო ინდუსტრიას მეთვალყურეობენ.

„ინტერნეტის საჯარო მასალების სრული გადახედვით გამოვავლინეთ ინდივიდთა მცირე ჯგუფი, რომლის წევრებსაც არ გააჩნიათ შესაბამისი სამედიცინო კვალიფიკაცია და აქვთ საკუთარი მიზნები; ისინი ბოროტად იყენებენ სოციალური მედიის პლატფორმებს, რათა დაამახინჯონ COVID-19-ისგან მომდინარე საფრთხე და გაავრცელონ დეზინფორმაცია ვაქცინების უსაფრთხოების შესახებ“, — განმარტავს CCDH-ის აღმასრულებელი დირექტორი იმრან აჰმედი.

მისივე განცხადებით, მათი ბოლო ანგარიშის მიხედვით, ვაქცინაციის საწინააღმდეგო აქტივობებს ფეისბუქზე, იუთუბზე, ინსტაგრამსა და ტვიტერზე უკვე 59 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს, რაც ამ უმსხვილეს და უმნიშვნელოვანეს სოციალურ მედიაპლატფორმებს ანტივაქსერებისთვის კარგ შესაძლებლობად აქცევს.

კვლევის მიხედვით, „დეზინფორმაციის ათეულზე“ მოდის კვლევის პერიოდში გაზიარებული ვაქცინაციის საწიმააღმდეგო კონტენტის წარმომავლობის თითქმის ორი-მესამედი; მისი წევრები არიან ჯოზეფ მერკოლა, რობერტ ეფ კენედი ჯიარ, ტაი და ჩარლინ ბოლინგერები, შერი ტენპენი, რიზა ისლამი, რაშიდ ბატარი, ერინ ელიზაბეთი, საიერ ჯი, კელი ბროგანი, კრისტიან ნორტრაპი, ბენ ტაპერი და კევინ ჯენკინსი.

მკვლევართა განცხადებით, ამ გავლენიან ანგარიშებს დიდი ოდენობით გამომწერი ჰყავთ და ვაქცინების საწინააღმდეგო კონტენტს უზარმაზარი ოდენობით ქმნიან.

მრავალი ადამიანი, ვინც სოციალურ მედიაში ვაქცინის საწინააღმდეგო კონტენტს აზიარებს, თავად ამ ანგარიშების გამომწერი არ არის, მაგრამ როგორც ახალი ანალიზი მიუთითებს, ვაქცინაციის საწინააღმდეგო პოსტების უმეტესობა ფეისბუქსა და ტვიტერზე, თავდაპირველად სწორედ ამ პატარა ჯგუფის წევრებისგან მოდის.

ანგარიშის მიხედვით, ჯგუფის გავლენა სოციალური მედიის პლატფორმების მიხედვით იცვლება — ტვიტერზე მათზე მოდის ვაქცინაციის საწინააღმდეგო პოსტების 17 პროცენტი, ფეისბუქზე კი 73 პროცენტი.

კვლევა თავდაპირველად მარტში გამოქვეყნდა და სოციალური მედიის პლატფორმების ხელმძღვანელებს ამ გამოკვეთილი ხმების დაბლოკვისკენ მოუწოდებდა, რადგან მათ მიერ შექმნილი და შემდეგ მრავალგზის გაზიარებული ანტივაქსერული კონსპირაციები საბოლოოდ ადამიანთა სიცოცხლედ ჯდება.

„დეზინფორმაცია საზოგადოებრივი ჯანდაცვის პირდაპირი საფრთხე გახდა. სოციალური მედია ანტივაქსერებს მილიონობით ადამიანზე მოქმედების, მათი შეშინებისა და დაეჭვების საშუალებას აძლევს. თუკი დიდი ტექნოლოგიური კომპანიები დაუყოვნებლივ არ იმოქმედებენ, პანდემია კიდევ უფრო გახანგრძლივდება და უფრო მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირება“, — წერდა აჰმედი მარტის ანგარიშში.

მიუხედავად პოლიტიკური წნეხის ტალღისა, რომ მიეღოთ ქმედებები ამ ანგარიშთა გამოსავლენად, CCDH-ისა და Anti-Vax Watch-ის მიერ აპრილში გამოქვეყნებულ კვლევაში აღმოაჩინეს, რომ ამ ჯგუფის ათი წევრი 25 აპრილისთვის ჯერ კიდევ იყო ფეისბუქზე, ინსტაგრამზე კი ცხრა მათგანი.

მომდევნო კვირებში ზოგიერთი ეს ანგარიში დაიბლოკა ან შეიზღუდა, მაგრამ დარჩნენ სხვები, რომლებსაც კვლავ აქვთ დეზინფორმაციის გავრცელების საშუალება და დიდ გავლენას ახდენენ ხალხის ვაქცინებისადმი დაეჭვებაში.

მკვლევართა განცხადებით, ტექნოლოგიურ კომპანიათა სახიფათო კრახია, როდესაც ისინი სწორად და პასუხისმგებლობით ვერ ახერხებენ სოციალურ მედიაპლატფორმებზე უგუნური სიცრუის გავრცელების აღკვეთას.

„ვაქცინაციის საწინააღმდეგო ინდუსტრიის საკვანძო მთავარი გმირები პროფესიონალ პროპაგანდისტთა თანმიმდევრული ჯგუფის წევრები არიან. ეს ადამიანები მრავალმილიონიან ორგანიზაციებს ამუშავებენ, ძირითადად აშშ-ში არიან და თითოეულს 60-მდე თანამშრომელი ჰყავს. გამოსცემენ აქტივობათა სატრენინგო სახელმძღვანელოებს, საკუთარი შეტყობინებებს სხვადასხვა აუდიენციაზე თვლიან და ატარებენ შეხვედრებსა და კონფერენციებსაც“, — წერდა CCDH-ის აღმასრულებელი დირექტორი იმრან აჰმედი წლის დასაწყისში ჟურნალ Nature Medicine-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.

მოხსენება და შემდეგი ანალიზი ხელმისაწვდომია CCDH-ის ვებგვერდზე.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.