პანდემიასთან დაკავშირებულმა კონსპირაციებმა და ჭორებმა 800-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება
პანდემიასთან დაკავშირებულმა კონსპირაციებმა და ჭორებმა 800-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება

სწორედ ახლა, ვიმყოფებით ეპოქაში, როდესაც გლობალური ინფექცია ადამიანიდან ადამიანზე გადადის, აუარესებს მრავალი ადამიანის ჯანმრთელობას და ზოგჯერ სიკვდილსაც იწვევს. არა, კორონავირუსზე არ ვსაუბრობთ. გესაუბრებით სრულიად სხვა, ვერაგ მსოფლიო ჭირზე.

საუბარია ე. წ. ინფოდემიაზე — ინფორმაციის ჭარბ მიწოდებაზე, რასაც თან ახლავს ყალბი ახალი ამბები, ჭორები და კონსპირაციული თეორიები, რაც ადამიანებს დიდ ზიანს აყენებს. არ დაგვავიწყდეს ცუდი აზრები და არასწორი რჩევებიც მეგობრებს, ოჯახის წევრებსა თუ სრულიად უცხოებს შორის.

თეორიულად, ინფოდემია შეიძლება ნებისმიერ რამეს ახლდეს თან. ამჯერად საქმე ეხება COVID-19-ს. ეს პრობლემა წარმოუდგენლად სერიოზულია, რადგან კიდევ უფრო აძლიერებს და აფართოებს კორონავირუსის უკვე ისედაც სახიფათო კრიზისს.

ახალ კვლევაში, ინფექციურ დაავადებათა მკვლევრების საერთაშორისო ჯგუფმა სოციალური მედია და ახალი ამბების ვებგვერდები შეისწავლეს, რათა გაერკვიათ, როგორ ცირკულირებს COVID-19-თან დაკავშირებული დეზინფორმაცია ონლაინპლატფორმებზე.

საერთო ჯამში, მათ გამოავლინეს COVID-19-თან დაკავშირებული ჭორების, სტიგმებისა და კონსპირაციული თეორიების 2300 შემთხვევა 25 სხვადასხვა ენაზე, 87 ქვეყნიდან.

არც ერთი ეს დეზინფორმაცია სასარგებლო არ არის, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მიზანი სწორედ ეს არის. უმეტესი მათგანი პირიქით, საზიანოა. ზოგიერთ შემთხვევაში, ის ლეტალურია და ნამდვილად ტრაგიკული მასშტაბით იწვევს პრევენციებად სიკვდილს ან დაზიანებებს.

„მაგალითად, პოპულარული მითი, რომ ძლიერი ალკოჰოლური სასმელების მოხმარება ორგანიზმის დეზინფექციას ახდენს და ვირუსს კლავს, მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში ცირკულირებდა“, — წერენ კვლევის ავტორები.

მათივე განცხადებით, ამ დეზონფორმაციის გათვალისწინების გამო დაიღუპა დაახლოებით 800 ადამიანი, საავადმყოფოში მოხვდა 5876, კორონავირუსის სამკურნალოდ მეთანოლის დალევის შემდეგ სრულად დაბრმავდა 60 ადამიანი.

მეთანოლთან დაკავშირებული ინციდენტები ძირითადად ირანში მოხდა და ალბათ ინფოდემიასთან დაკავშირებული სიკვდილის, დაზიანების ან უბედურების ყველაზე უარესი მაგალითია. თუმცა, ეჭვგარეშეა, რომ მკვლევართა ჯგუფის მიერ გამოვლენილი შემთხვევები მხოლოდ მცირე ნაწილია.

მკვლევართა განცხადებით, მსგავს მოვლენას თურქეთში 30 ადამიანი ემსხვერპლა, კატარში კი ორი კაცი ზედაპირისა და ხელის სადეზინფექციო ხსნარის დალევის შედეგად დაიღუპა.

ინდოეთში ათეულობით ადამიანი ცუდად გახდა შხამიანი მცენარე ლემას თესლებისგან დამზადებული ალკოჰოლის დალევის შემდეგ. როგორც აღმოჩნდა, მათ სოციალურ მედიაში უყურეს ვიდეოს, რომლის მიხედვითაც, ეს ნაყენი COVID-19-ის წინააღმდეგ იმუნიტეტს ამაღლებდა. მათ შორის ხუთი დაზარალებული ბავშვი იყო.

რა თქმა უნდა, ყველა ასეთი შემთხვევა მედიის ყურადღების ცენტრში ვერ ხვდება. მკვლევრებმა დაადგინეს ისიც, რომ ადამიანებში ცირკულირებს ძალიან ბევრი სახიფათო რჩევა თუ მოსაზრება, რომლებიც თითქოს კორონავირუსს კლავენ ან კურნავენ; მათ შორის არის ქლორის დალევა, ძროხის შარდის დალევა და ნეხვის ჭამა, ვერცხლის ხსნარის მიღება, სხეულზე ქლორის შეფრქვევა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ადამიანისთვის წარმოუდგენლად სახიფათოა და შეიძლება, ფატალურადაც დასრულდეს.

მკვლევართა განცხადებით, დეზინფორმაციის ამ კორიანტელში, შედარებით ნაკლებად საზიანო ინფორმაციაც კი შეიძლება სახიფათო გახდეს არასწორ ხელში მოხვედრისას.

„სამხრეთ კორეის ერთ-ერთ ეკლესიაში, სადაც წირვაზე დამსწრე ადამიანებს ბოთლიდან მარილიან წყალს ასხურებდნენ, 100-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, რადგან წყალი ვირუსით დაბინძურებული იყო“, — განმარტავს ჯგუფი შემთხვევას, რომლის დროსაც, წირვაზე დამსწრეებს შესასხურებელ ბოთლს პირში დეზინფექციის გარეშე უდებდნენ, ერთმანეთის მიყოლებით.

ინფოდემია მხოლოდ მკურნალობის არასწორ მეთოდებს როდი შეეხო. მისწვდა ვირუსის წარმოშობის ამბავსაც, გადადების გზებს, დამნაშავის ძიებაში მიიღო რასისტული ხასიათიც.

ძალიან ბევრ მაგალითს შორის შეიძლება რამდენიმე ასეთი კონსპირაციის გამორჩევა: კორონავირუსი ცოფის ერთ-ერთი ტიპია; კორონავირუსი მობილური ტელფონის სიგნალებით ვრცელდება; კორონავირუსი ლაბორატორიაში შექმნილი ბიოლოგიური იარაღია; კორონავირუსი ვაქცინების გასაღების მიზნით შექმნეს; კორონავირუსი შექმნა ბილ გეიტსმა/დონალდ ტრამპმა/CIA-მ/ჩინეთმა და ა. შ.; კორონავირუსი მოსახლეობის კონტროლის სქემაა და ასე დაუსრულებლად.

მკვლევრები აცნობიერებენ კვლევასთან არსებულ გარკვეულ შეზღუდვებს და შენიშნავენ, რომ მათ არ შეუსწავლიათ ან არ მიჰყოლიან მათ მიერ ონლაინ აღმოჩენილ დეზინფორმაციას, არც განუსაზღვრავთ იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებსაც სჯერათ ნებისმიერი მოცემული ჭორისა თუ კონსპირაციის.

გარდა ამისა, მათ იპოვეს მხოლოდ ის დეზინფორმაცია, რომელიც თავისუფლად ვრცელდება საჯაროდ ხელმისაწვდომ ვებგვერდებსა თუ სოციალურ მედიაში. ეს კი პრობლემის გულია — კორონავირუსის შესახებ დეზინფორმაცია ყველასთვის მისაწვდომია და როგორც მკვლევრები ამბობენ, ეს გახლავთ პრობლემა, რომელსაც აქტიურად უნდა შევეწინააღმდეგოთ.

„ჭორებით, სტიგმითა და კონსპირაციული თეორიებით გაღვივებულ დეზინფორმაციას შეიძლება სერიოზული გავლენა ჰქონდეს ინდივიდებსა და საზოგადოებაზე, თუ ისინი პრიორიტეტად არ ჩათვლიან მტკიცებულებებზე დაფუძნებულ სახელმძღვანელოებს“, — წერენ მკვლევრები.

მათივე განცხადებით, ჯანდაცვის უწყებებმა რეალურ დროში უნდა უთვალთვალონ COVID-19-თან დაკავშირებულ დეზინფორმაციას და შეაგულიანონ ადგილობრივი საზოგადოებები და მთავრობა, რომ ყოველი ასეთი მითი გაქარწყლდეს.

კვლევა The American Journal of Tropical Medicine and Hygiene-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.