ინდონეზიაში ციხიდან 250 პატიმარი გაიქცა. ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება.
დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, შემთხვევა დასავლეთ პაპუას პროვინციაში, მასშტაბური არეულობის დროს მოხდა.
დემონსტრანტები რეგიონის რამდენიმე ქალაქის ქუჩებში გამოვიდნენ. მათ საავტომობილო გზები გადაკეტეს, შენობებს თავს დაესხნენ და ცეცხლი მოუკიდეს. მათ შორის, იყო ციხეც. სწორედ ამ დროს მოხდა ციხიდან მასშტაბური გაქცევა.
ინდონეზიაში აქტივისტები ქალაქ სურაბაიაში მცხოვრები სტუდენტის დაკავებას აპროტესტებენ. მას ქვეყნის დროშის შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ. პაპუას პროვინციაში დემონსტრაციები უახლოეს დღეებშიც არის დაგეგმილი. ამიტომ ცენტრალურმა ხელისუფლებამ რეგიონში დამატებითი სამართალდამცველები გადაიყვანა.