ინდოეთში საქართველოს ელჩი ქეთევან დედოფლის სახელობის მუსიკალური ფესტივალის დამფუძნებლის, მაესტრო სანტიაგო ლუსარდი ჟირელის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
ინდოეთში საქართველოს ელჩი ქეთევან დედოფლის სახელობის მუსიკალური ფესტივალის დამფუძნებლის, მაესტრო სანტიაგო ლუსარდი ჟირელის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

ინდოეთში საქართველოს ელჩი არჩილ ძულიაშვილი „ქეთევანის მსოფლიო საკრალური მუსიკის ფესტივალის“ დამფუძნებლისა და სამხატვრო დირექტორის, დოქტორ სანტიაგო ლუსარდი ჟირელის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

ელჩის ინფორმაციით, დოქტორი სანტიაგო ლუსარდი ჟირელი 42 წლის ასაკში ინდოეთის გოას შტატში კორონავირუსით გარდაიცვალა.

„ინდოეთში საქართველოს საელჩოს დიპლომატების სახელით, გამოვთქვამ ღრმა მწუხარებას „ქეთევანის მსოფლიო საკრალური მუსიკის ფესტივალის“ (KETEVAN World Sacred Music Festival https://www.ketevansacredmusicfestival.com/let-s-start) დამფუძნებლისა და სამხატვრო დირექტორის, გოას უნივერსიტეტის მოწვეული მკვლევარი პროფესორის, ლექტორის, ამავე უნივერსიტეტის ორკესტრისა და ვოკალური გუნდის დირიჟორის, შემსრულებლის, კომპოზიტორის, მაესტროს, დოქტორ სანტიაგო ლუსარდი ჟირელის 42 წლის ასაკში ინდოეთის გოას შტატში კორონავირუსით უდროო გარდაცვალების გამო.

თავისი ხანმოკლე ცხოვრების განმავლობაში, მაგრამ მეტად ნაყოფიერი მოღვაწეობის შედეგად, მაესტრომ დაუვიწყარი კვალი დატოვა, როგორც მუსიკალური ხელოვნების დარგში, ასევე მსოფლიოში ზოგადსაკაცობრიო ფასეულობების წინა პლანზე წამოწევის და მათ მიმართ განსაკუთრებული ყურადღების მიქცევის საქმეში, რითაც დაიმსახურა უდიდესი პატივისცემა, დაფასება და აღიარება.

საქართველო მადლიერია მაესტროს მხრიდან იმ უდიდესი სიყვარულისა და დაფასებისთვის, რომელიც მან გამოხატა ქართველი დედოფლის, წმ. ქეთევან წამებულის ტრაგიკული ცხოვრების ხსოვნისადმი და საფუძველი ჩაუყარა „ქეთევანის მსოფლიო საკრალური მუსიკის ფესტივალის“ დაარსებას გოაში 2015 წელს, მისი განვითარებისა და პოპულარიზაციის საქმეში.

ფესტივალმა, რომელშიც მაესტრომ მთელი თავისი გული, სიყვარული, ენერგია და მონდომება ჩააქსოვა, შემოიკრიბა მსოფლიოს მრავალი ქვეყნის, სხვადასხვა კულტურისა და ხელოვნების წარმომადგენელი და გააერთიანა ყველა ერთი მესიჯით – კულტურათა, ხელოვნებათა, ტრადიციათა და რელიგიათა მშვიდობიანი და ჰარმონიული თანაცხოვრება და ურთიერთპატივისცემა.

საოცარია, რომ ფესტივალის მსვლელობისას მაესტრო გვევლინებოდა, არა მხოლოდ როგორც ღონისძიების ორგანიზატორი, მონაწილე შემსრულებელი, გოას უნივერსიტეტის ვოკალური გუნდისა და ორკესტრის დირიჟორი, არამედ როგორც ავტორი თავისი შთამბეჭდავი და დაუვიწყარი კომპოზიციების, რომლებსაც საგანგებოდ წერდა და უძღვნიდა ფესტივალის ყოველ გამოშვებას.

2017 წლის დეკემბერში მაესტრო ეწვია ქართველი დედოფლის, წმ. ქეთევან წამებულის სამშობლოს, საქართველოს, სადაც მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციაში – „ქეთევან დედოფლის მემკვიდრეობა“.

ამ უმძიმეს წუთებში ვუსამძიმრებთ და თანადგომას ვუცხადებთ მაესტროს დოქტორ სანტიაგო ლუსარდი ჟირელის ოჯახის წევრებს, ახლობლებს, კოლეგებსა და მის მეგობრებს. მას მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. მაესტროს ხსოვნა, მისდამი დიდი მადლიერების გრძნობა და სიყვარული ყოველთვის დარჩება ჩვენს გულებში“, – წერს საქართველოს ელჩი არჩილ ძულიაშვილი სოციალურ ქსელში.