ინდოეთის კოსმოსის კვლევის ორგანიზაციამ (ISRO) მთვარეზე მისია ჩანდრაიან-3 დასვა. მისიაში შედის სტატიკური ხომალდი და მავალი, რომლებიც წარმატებით დაეშვნენ მთვარის სამხრეთ პოლარულ რეგიონში. ერთი ორბიტერი მთვარის ორბიტაზე დარჩა და მოძრაობას იქ გააგრძელებს. ინდოეთი მსოფლიოში მეოთხე ქვეყანა გახდა, რომელმაც მთვარეზე მუშა მავალი დასვა; ამ დროისათვის, ეს მხოლოდ საბჭოთა კავშირმა, აშშ-მა და ჩინეთმა შეძლეს.
როგორც სახელიც მიუთითებს, ის ინდოეთის მთვარის კვლევების პროგრამის მესამე მისიაა. ჩანდრაიანის წინა ორ ხომალდს რამდენიმე პრობლემა შეექმნა.
აღსანიშნავია, რომ მთვარის ამ რეგიონში ცდილობდა ხომალდის დასმას რუსეთიც. მისიამ კრახი განიცადა, აპარატი მთვარის ზედაპირს შეასკდა და განადგურდა.
სტატიკურ ხომალდს ოთხი ძირითადი სამეცნიერო ინსტრუმენტი აქვს, მათ შორი არის თერმული და ატმოსფერული ინსტრუმენტები, ასევე ლაზერული რეტრორეფლექტორის ნაკრები. ეს რეფლექტორები დედამიწიდან მთვარემდე მანძილს მაღალი სიზუსტით ზომავს. ეს ხომალდი ასევე გაზომავს მთვარის სეისმურ ბიძგებს, სუსტ სეისმურ აქტივობას, რომელიც მთვარეზე თვეებში ერთხელ ხდება.
სიჩქარე, რომლითაც მთვარეზე სეისმური ტალღები ვრცელდება, შეიძლება გამოვიყენოთ მისი სიმკვრივის დასადგენად; მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ უფრო ზუსტად გამოთვლიან მთვარის ქერქის სიღრმეს.
სამეცნიერო ინსტრუმენტთა პაკეტს შეიცავს ექვსთვლიანი მავალიც, სახელად „პრაგიანი“, რომელიც სტატიკურ ხომალდშია მოთავსებული და იქიდან გადმოგორდება. მისი მთავარი მიზანი მთვარის ზედაპირის შემადგენლობის გარკვევაა, რისთვისაც ის რენტგენულ სპექტრომეტრიას გამოიყენებს.
მისია მთვრისკენ 2023 წლის 14 ივლისს გაუშვეს და 75 მილიონი აშშ დოლარი დაჯდა, რაც საკმაოდ დაბალი ბიუჯეტია. შედარებისათვის — დაახლოებით ამდენივე ჯდება SpaceX-ის რაკეტა Falcon 9-ის გაშვება.
NASA-ს ბოლო მისია „არტემისის“ ბიუჯეტი 800 მილიონი დოლარია.
უნდა აღინიშნოს, რომ ინდოეთის წინა მისიის, ჩანდრაიან-2-ის ორბიტერი დღემდე მუშაობს მთვარის გარშემო ორბიტაზე.