ილონ მასკის კომპანიამ მაიმუნს ტვინში ჩიპი ჩაუდგა და ცხოველი უკვე ვიდეოთამაშებს თამაშობს — #1tvმეცნიერება
ილონ მასკის კომპანია Neuralink-ი, რომელიც ადამიანისა და კომპიუტერის დამაკავშირებელ ტექნოლოგიებზე მუშაობს, მოწოდების სიმაღლეზეა.
„უკვე გვყავს მაიმუნი, რომელსაც თავის ქალაში ჩაყენებული აქვს უსადენო იმპლანტი და ციცქნა კაბელები; შედეგად, მაიმუნი ვიდეოთამაშებს თამაშობს საკუთარი გონებით“, — აღნიშნა მასკმა აპლიკაცია Clubhouse-ის ერთ-ერთ შოუში საუბრისას.
მისივე განცხადებით, ახლა ცდილობენ იმის გარკვევას, ითამაშებენ თუ არა მაიმუნები პონგს ერთმანეთთან, რაც ძალიან დიდი ამბავი იქნება.
Neuralink-ი ცხოველებში კომპიუტერთან ნერვულ კავშირს უკვე წლებია ტესტავს. შარშან გამოქვეყნებულ ვიდეოში, კომპანიამ გვაჩვენა მის მიერ ჩატარებული კვლევა ღორზე.
ვიდეოში Neuralink-მა წარმოაჩინა მოქმედებების ჩაწერისა და პროგნოზირების უნარი, რის საშუალებასაც ღორის, სახელად გერტრუდას ტვინში ჩამონტაჟებული სადენიანი ჩიპი იძლეოდა.
თუმცა, მასკი აცხადებს, რომ ვიდეოთამაშების მოთამაშე მაიმუნს უსადენო ჩიპი აქვს ჩაყენებული, რაც მას ელექტრონული ინტერფეისის მხოლოდ გონებით კონტროლის საშუალებას აძლევს.
„მაიმუნი თავს არაკომფორტულად არ გრძნობს და არც შეწუხებული ჩანს. ვერც კი შენიშნავთ, რომ მას ნერვული იმპლანტი აქვს ჩადგმული“, — ამბობს მასკი.
ილონ მასკის განმარტებით, ტვინთან დამაკავშირებელი ტექნოლოგიების მიზანია ტვინისა და ხერხემლის დაზიანების თანმხლები პრობლემების აღმოფხვრა, ამის გამო უნარდაკარგულ ადამიანთათვის ამ უნარების დაბრუნება ჩიპის იმპლანტის საშუალებით.
მომზადებულია Business Insider-ის მიხედვით.