ტვინის ახალი იმპლანტით უსინათლო ადამიანებმა ასოების დანახვა შეძლეს
ტვინის ახალი იმპლანტით უსინათლო ადამიანებმა ასოების დანახვა შეძლეს

ჰიუსტონის ბეილორის სამედიცინო კოლეჯის მეცნიერთა ჯგუფმა შექმნა თავის ტვინის იმპლანტი, რომელიც როგორც უსინათლო, ისე მხედველობის მქონე ადამიანებს ასოების ფორმის „დანახვის“ საშუალებას აძლევს.

მოწყობილობა თვალის ფუნქციას გვერდს უვლის და მისი მუშაობა დამოკიდებულია კამერის ინფორმაციაზე, რომელიც ტვინში იმპლანტირებულ ელექტროდებს გადაეცემა.

ეს გახლავთ „ვიზუალური პროთეზის“ შექმნისკენ გადადგმული ნაბიჯი, რომელიც უსინათლო ადამიანებს მხედველობას სრულად აღუდგენს, თუმცა, ასეთი მოწყობილობის შექმნამდე ალბათ ჯერ ბევრი წელი გვაშორებს.

მიუხედავად ამისა, მკვლევართა მიღწევა გამორჩეულია — ტვინში გაგზავნილი ელექტრული პულსების კომპლექსური თანმიმდევრობების წყალობით, კვლევის მონაწილეებმა შეძლეს ფორმების კონტურების „დანახვა“.

„როდესაც პირდაპირ პაციენტის ტვინში ასოების დინამიკურად მიყოლისთვის ელექტრო სტიმულაცია გამოვიყენეთ, მათ შეძლეს ასოების ფორმების „დანახვა“ და სწორად განასხვავეს სხვადასხვა ასოები. როგორც ისინი აღწერენ, ხედავდნენ ასოების წარმომქმნელი ხაზების ელვარე წერტილებს, ცაზე გამოსახული წარწერის მსგავსად“, — წერს განცხადებაში კვლევის ავტორი, ბეილორის სამედიცინო კოლეჯის მკვლევარი დენიელ იოშორი.

ახალი მოწყობილობა განსხვავდება წინა ვიზუალური დამხმარეებისგან, რომლებიც თითოეულ ელექტროდს პიქსელის მსგავსად ამუშავებდა.

„სინათლის მრავალი წერტილის მიერ ფორმების წარმოქმნის მაგივრად, ჩვენ მივყევით კონტურებს. ჩვენი შთაგონების წყარო იყო იდეა, გაგვერჩია ვიღაცის ხელის მტევანზე მოთავსებულ ასოს ფორმა“, — ამბობს კვლევის ერთ-ერთი ავტორი მაიკლ ბოჩამპი.

ასეთ მოწყობილობას უდიდესი გავლენა ექნება უსინათლო და მხედველობა დაქვეითებულ ადამიანთა ცხოვრებაზე.

იოშორის თქმით, ოჯახის წევრების ფორმების დაფიქსირების ან უფრო მეტად დამოუკიდებლად ნავიგაციის უნარი საოცარი მიღწევა იქნება მრავალი უსინათლო ადამიანისთვის.

თუმცა, ასეთი მოწყობილობის შექმნა ჯერ ადრეულ ეტაპზეა, რადგან თავის ტვინი წარმოუდგენლად კომპლექსური ორგანოა.

მკვლევართა განცხადებით, თავის ტვინის მხედველობის ქერქი, სადაც ელექტროდები გადანერგეს, ნახევარ მილიარდ ნეირონს შეიცავს. ამ კვლევის ფარგლებში კი მათ ამ ნეირონების მხოლოდ მცირე ნაწილის სტიმულირება მოახდინეს რამდენიმე ელექტროდით.

მათივე თქმით, შემდეგი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ნეიროინჟინრებთან ერთად მუშაობა, რათა შეიქმნას ელექტროდთა წყება ათასობით ელექტროდის გამოყენებით, რაც მათ უფრო ზუსტი სტიმულირების საშუალებას მისცემს.

„ახალი ტექნიკა და სტიმულირების გაუმჯობესებული ალგორითმები დაგვეხმარება უსინათლო ადამიანთა ოცნების ასრულებაში, რომ ჰქონდეთ საჭირო ვიზუალური ინფორმაციის მიღების საშუალება“, — წერენ მკვლევრები.

კვლევა ჟურნალ Cell-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია Futurism-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი