ილია დარჩიაშვილმა გიორგი ვაშაძეს მიმართა - თუ გინდათ, გაიგოთ ევროინტეგრაციის გზაზე ჩვენი ქვეყნის რეალური შეფასებები, აუცილებლად უნდა წაიკითხოთ ევროკავშირის ანგარიში
ილია დარჩიაშვილმა გიორგი ვაშაძეს მიმართა - თუ გინდათ, გაიგოთ ევროინტეგრაციის გზაზე ჩვენი ქვეყნის რეალური შეფასებები, აუცილებლად უნდა წაიკითხოთ ევროკავშირის ანგარიში

თქვენ თუ გინდათ, გაიგოთ ევროკავშირის რეალური შეფასებები ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე, აუცილებლად უნდა წაიკითხოთ თავად ევროკავშირის შეფასების ანგარიში, რომელიც გამოქვეყნდა შარშან, სადაც ძალიან ცალსახად და კარგად არის აღწერილი ქულები, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა პარლამენტში, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცხადა.

ილია დარჩიაშვილმა უპასუხა ოპოზიციონერი დეპუტატის, გიორგი ვაშაძის კითხვას, სადაც დეპუტატი აღნიშნავს, რომ, „აღმოსავლეთ პარტნიორობის პლატფორმის“ მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებს შორის მესამე ადგილზეა.

როგორც დარჩიაშვილმა აღნიშნა, ქვეყნების ერთმანეთთან შედარება არ არის კარგი, რადგან ყველა ქვეყანას აქვს თავისებური ინდივიდუალური გამოწვევები, სადღაც ვიღაცა წინ არის, ვიღაცა – უკან.

„რეალურად შეფასებები თუ გინდათ და ნახოთ საქართველოს პროგრესი, წაიკითხეთ ევროკავშირის ანგარიში. რაც შეეხება ინდექსს, რომელზეც თქვენ აპელირებთ უკვე რამდენი ხანია, ამ ანგარიშს არავითარი კავშირი არ აქვს ევროკავშირთან. თვითონ პლატფორმაც არ იღებს ამ ანგარიშზე პასუხისმგებლობას, რადგან ექსპერტების მიერ შექმნილი დოკუმენტი, რომელიც გამოხატავს შეფასებებს, ეკუთვნით თავად ექსპერტებს და ინფორმაციის სიზუსტესთან დაკავშირებით ვერ იღებს თავად სამოქალაქო პლატფორმა პასუხისმგებლობას. მოგიწოდებთ, თავი დაანებოთ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის პლატფორმამ“ 25 იანვარს გამოაქვეყნა „აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსი“, რომლის მიხედვითაც, საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებს შორის მესამე ადგილზეა. ინდექსში პირველ ადგილს – მოლდოვა, ხოლო მეორეს უკრაინა იკავებს. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, კვლევის ავტორებმა იხელმძღვანელეს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო ფორუმის მხარდაჭერითა და სხვადასხვა ქვეყნის 65 ადგილობრივი ექსპერტის გამოცდილებით. საქართველოდან ამ ექსპერტებს შორის დასახელებული არიან კახა გოგოლაშვილი, გელა კვაშილავა, კორნელი კაკაჩია, თამარ ხიდაშელი და სხვები.