ილჰამ ალიევი ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის საკითხში ნეიტრალიტეტის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს
ილჰამ ალიევი ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის საკითხში ნეიტრალიტეტის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის სენსიტიურ საკითხში შუამავალმა ნეიტრალიტეტი უნდა შეინარჩუნოს. ამის შესახებ მან ტელეკომპანია „ალ ჯაზირასთან“ საუბრისს განაცხადა.

ილჰამ ალიევის ინტერვიუს სრულ ტექსტს აზრბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

ილჰამ ალიევის განცხადებით, ბოლო დღეებში აზერბაიჯანი ხედავს კონტრპროდუქტიულ განცხადებებს, რომლებიც ნეიტრალიტეტის პოზიციის ცვლილებას წარმოადგენს.

მისივე თქმით, აშშ-მა, საფრანგეთმა და რუსეთმა, როგორც ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა, ერთად მუშაობა უნდა გააგრძელონ, თუმცა მათ უნდა შეინარჩუნონ ნეიტრალიტეტი.

„რუსეთი არის ქვეყანა, რომელიც აშშ-სა და საფრანგეთთან ერთად შუამავლის როლს ასრულებს. ჩემი 17-წლიანი ჩართულობის განმავლობაში ეს სამი ქვეყანა თანაბრად მონაწილეობდა პროცესში, რომელშიც იყო და არის კოორდინაციის საკმაოდ მაღალი დონე. რა თქმა უნდა, რუსეთს აქვს განსაკუთრებული პოზიცია, რადგან ის აზერბაიჯანის მეზობელია რეგიონში. მას არ აქვს სახელმწიფო საზღვარი სომხეთთან, თუმცა რუსეთი არის ქვეყანა, რომელთანაც აზერბაიჯანსა და სომხეთს აქვს კარგი ურთიერთობები და ისტორიული კავშირები. ამიტომ, რა თქმა უნდა, ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე, მისი როლი, შუამავლობის შესაძლებლობა, გაცილებით მაღალია, ვიდრე იმ ქვეყნებისა, რომლებიც რეგიონიდან მოშორებით მდებარეობენ და შესაძლოა, სრულად არ იციან, თუ რა ხდებოდა აქ ბოლო ათწლეულების განმავლობაში. ამგვარად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ სამმა ქვეყანამ უნდა გააგრძელოს ერთად მუშაობა, თუ ყველა მათგანი ნეიტრალიტეტს შეინარჩუნებს. ეს მნიშვნელოვანია.

შეშფოთებულები ვართ, რომ ბოლო დღეებში, ვხედავთ ზოგიერთ განცხადებას, რომელიც არის კონტრპროდუქტიული და აჩვენებს ნეიტრალიტეტის პოზიციის გარკვეულ ცვლილებას. ყველა ქვეყანას შეუძლია, ჰქონდეს საკუთარი პოზიცია, ეს ნორმალურია, თუმცა თუ შენ ხარ მედიატორი ასეთ სენსიტიურ საკითხში, უნდა იმოქმედო ამგვარად. თუ გინდა, იმოქმედო ეროვნული პოზიციიდან, რა თქმა უნდა, ეს შესაძლებელია, თუმცა, მაშინ უნდა გადადგე მინსკის ეუთო-ს ჯგუფის თანათავმჯდომარეობიდან და თქვა ის, რაც გსურს, დაადანაშაულო, ვინც გინდა, მოყვე ამბები იმის შესახებ, თუ რა მოხდა, მტკიცებულებების გარეშე და, რა თქმა უნდა, არავინ იქნება წინააღმდეგი. თუმცა, თუ ხარ მედიატორი, უნდა იყო ნეიტრალური. თქვენ უნდა იყოთ მედიატორი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენთვის შუამდგომლობა მიუღებელი იქნება“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.