პორტუგალიის ჩემპიონატში 28-ე ტური „პორტუსა“ და „ბელენენსეშის“ მატჩით დასრულდა. „პორტუმ“ 2:0 მოიგო, ამ გუნდის კარს კი ლეგენდარული ესპანელი მეკარე იკერ კასილიასი იცავდა. ეს მისი მე-1000 მატჩი იყო კარიერაში.
კასილიასმა 725 მატჩი მადრიდის „რეალის“ რიგებში ჩაატარა, 108 – „პორტუს“ რიგებში, კიდევ 167 – ესპანეთის ნაკრების მაისურით. ის გახდა მეორე ესპანელი რაულის შემდეგ, ვინც 1000-მატჩიან ზღვარს მიაღწია.
აღსანიშნავია, რომ „რეალთან“ ერთად კასილიასმა ხუთჯერ მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი, ორჯერ – ესპანეთის თასი, ოთხჯერ – ესპანეთის სუპერთასი, სამჯერ – ჩემპიონთა ლიგა, ორჯერ – უეფა-ს სუპერთასი, თითოჯერ – კლუბებს შორის მსოფლიო ჩემპიონატი და საკონტინენტთაშორისო თასი. ესპანეთის ნაკრებში მეკარე მსოფლიოსა და ევროპის (ორჯერ) ჩემპიონი გახდა.