ფლორენტინო პერესი - რაული და კასილიასი უდიდესი თაღლითები არიან „რეალის“ ისტორიაში #1TVSPORT
„რეალის“ პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა მადრიდული კლუბის ორი ლეგენდა – მეკარე იკერ კასილიასი და ფორვარდი რაული გააკრიტიკა.
გამოცემა El Confidencial-ს ხელში ჩაუვარდა აუდიოჩანაწერი, რომელშიც პერესი უსიამოვნო სიტყვებით მოიხსენიებს კასილიასსა და რაულს.
„კასილიასი არ არის მეკარე „რეალისთვის“. ის იყო ერთ-ერთი დიდი წარუმატებლობა ჩვენთვის. უბრალოდ, არიან ისეთები, ვინც მას აღმერთებს და ძალიან იცავს… რას ვიზამთ, ეს არის ერთ-ერთი უდიადესი თაღლითობა, მეორეა – რაული. ორი უდიადესი მადრიდელი თაღლითი: პირველი – რაული, მეორე – კასილიასი“, – ამბობს ჩანაწერში პერესი.
მასალის გამოქვეყნების შემდეგ, El Confidencial-ის ჟურნალისტი დაუკავშირდა პერესს, მაგრამ მან უარი თქვა კომენტარებზე.
პერესმა ასევე თანამედროვე ფეხბურთელებიც გააკრიტიკა.
„მოთამაშეები ძალიან ეგოისტურები არიან, მათზე დაყრდნობა საერთოდ არ შეიძლება. და თუ მაინც დაეყრდნობით, ისინი დაგაღალატებენ. ფეხბურთელებზე საშინელი აზრის ვარ“.
El Confidencial-ის მიხედვით, პერესი „განსაკუთრებით სასტიკია“ რაულის მიმართ, რომელსაც ადანაშაულებს „რეალის“ დანგრევაში და სწორედ ამას ასახელებს 2006 წელს კლუბის პრეზიდენტობიდან წასვლის ერთ-ერთ მიზეზად.