ჯანლუიჯი ბუფონი კოლეგებმა ყველა დროის საუკეთესო მეკარედ აღიარეს
ჯანლუიჯი ბუფონი კოლეგებმა ყველა დროის საუკეთესო მეკარედ აღიარეს

„იუვენტუსის“ მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი ყველა დროის საუკეთესო გოლკიპერად დაასახელა ჟიურიმ, რომელიც მისი კოლეგებისგან იყო შემდგარი.

იტალიურმა გამოცემა La Gazzetta dello Sport-მა გამოკითხა 18 ყოფილი და მოქმედი მეკარე, მათ შორის, მანუელ ნოიერი, პეტერ შმაიხელი, ჟულიო სეზარი და სხვები.

შვიდი ხმით გამარჯვება მოიპოვა ბუფონმა. მეორე ადგილი დაიკავა საბჭოთა კავშირის ნაკრების ყოფილმა მეკარემ ლევ იაშინმა (5 ხმა). მესამეზე ორი ხმით კიდევ ერთი იტალიელი დინო ძოფი გავიდა. თითო ხმა მიიღეს გორდონ ბენქსმა (ინგლისი), იკერ კასილიასმა (ესპანეთი), ზეპ მაიერმა (გერმანია), ლადისლაო მაზურკევიჩმა (ურუგვაი), როჟერიო სენიმ (ბრაზილია), კლაუდიო ტაფარელმა (ბრაზილია) და პეტერ შმაიხელმა (დანია).

არსებობდა იმის დიდი შანსი, რომ ბუფონსა და იაშინს ექვს-ექვსი ხმით პირველი ადგილი გაეყოთ, მაგრამ ერთ-ერთმა გამოკითხულმა – რუსეთის ნაკრების ყოფილმა მეკარემ ვიაჩესლავ მალაფეევმა თავისი ხმა ბუფონს მისცა.

„ჯიჯი საუკეთესოა და 42 წლის ასაკშიც აგრძელებს თამაშს. ის ფეხბურთის უბერებელი კერპია. ასეთებს მხოლოდ კინოსა და მუსიკაში თუ შეხვდებით“, – თქვა რუსმა მეკარემ.

ცოტა ხნის წინ, ფრანგული გაზეთის „ეკიპის“ მიერ შედგენილ ყველა დროის სიმბოლურ ნაკრებში მეკარის პოზიციაზე იაშინი აღმოჩნდა.