ტაილანდში, მღვიმეში ჩარჩენილი მოზარდების ევაკუაცია განახლდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ტაილანდის ხელისუფლების წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ტაილანდის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ტჰამ ლუანგის მღვიმიდან, გამოსაყვანი რვა ბავშვი და მწვრთნელი რჩებიან. გუშინ მყვინთავებმა ოთხი მოზარდის გამოყვანა შეძლეს. ისინი საავადმყოფოში იმყოფებიან. მედიის ცნობით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
საგანგებო შტაბში აცხადებენ, რომ ამჟამად მღვიმეში წყლის დონე დაბალია და ევაკუაციის ოპერაცია დაგეგმილზე სწრაფად მიმდინარეობს.
11-დან 16-წლამდე ასაკის 12 მოზარდი და მათი 25 წლის მწვრთნელი 23 ივნისს დაიკარგნენ. ისინი ტაილანდის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ტჰამ ლუანგის გამოქვაბულში შევიდნენ, მოულოდნელად ძლიერი წვიმა წამოვიდა, გამოქვაბული წყლით აივსო და ჯგუფი მღვიმიდან გარეთ ვეღარ გამოვიდა. დაკარგულები ცხრა დღის შემდეგ გამოქვაბულის სიღრმეში, შესასვლელიდან ოთხი კილომეტრის მანძილზე აღმოაჩინეს.