იენს სტოლტენბერგი - ველოდები, რომ ლიდერები ხვალ მხარს დაუჭერენ ნატო-ს პოზიციების გაძლიერებას ყველა მიმართულებით, რაც გულისხმობს ძალების გაზრდას ალიანსის აღმოსავლეთში, ხმელეთზე, ჰაერსა და ზღვაში
იენს სტოლტენბერგი - ველოდები, რომ ლიდერები ხვალ მხარს დაუჭერენ ნატო-ს პოზიციების გაძლიერებას ყველა მიმართულებით, რაც გულისხმობს ძალების გაზრდას ალიანსის აღმოსავლეთში, ხმელეთზე, ჰაერსა და ზღვაში

ნატო-ს გენერალური მდივანის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უნდა დაასრულოს ომი და ჩაერთოს რეალურ დიპლომატიაში.

მისივე თქმით, ნატო-ს მოკავშირეებმა უპასუხეს ამ კრიზისს უკრაინის ძლიერი მხარდაჭერითა და რუსეთისთვის უპრეცედენტო საფასურის დაწესებით.

„უკრაინაში პრეზიდენტ პუტინის სასტიკი შეჭრა იწვევს სიკვდილს და განადგურებას ყოველდღიურად. მოკავშირეები არიან ერთიანი მამაცი უკრაინელი ხალხის მხარდაჭერაში და კრემლის სისასტიკის წინააღმდეგ. პუტინმა უნდა დაასრულოს ეს ომი, დაუშვას დახმარება, უსაფრთხო გზა მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის და ჩაერთოს რეალურ დიპლომატიაში.  ნატო-ს მოკავშირეებმა უპასუხეს ამ კრიზისს უკრაინის ძლიერი მხარდაჭერითა და რუსეთისთვის უპრეცედენტო საფასურის დაწესებით. ნატო მოქმედებს სწრაფად და ერთობით მოკავშირეების დასაცავად. მოკავშირეების ასობით ათასი ჯარისკაცი გაძლიერებულ მზადყოფნაშია. ევროპაში იმყოფება 100 000 ამერიკელი ჯარისკაცი. 40 000 ჯარისკაცი არის პირდაპირ ნატო-ს სარდლობაში, ძირითადად ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე. ჯარისკაცებს აქვთ საჰაერო და საზღვაო მხარდაჭერა, მათ შორისაა ხუთი ავიამზიდის დამრტყმელი ჯგუფი ჩრდილოეთ ზონაში და ხმელთაშუა ზღვაში. ჩვენ ხვალ მივიღებთ დამატებით გადაწყვეტილებებს. ველოდები, რომ ლიდერები მხარს დაუჭერენ ნატო-ს პოზიციის გაძლიერებას ყველა მიმართულებით, რაც გულისხმობს ძალების გაზრდას ალიანსის აღმოსავლეთში, ხმელეთზე, ჰაერში და ზღვაში. პირველი არის ნატო-ს ოთხი ახალი საბრძოლო ჯგუფის განთავსება ბულგარეთში, უნგრეთში, რუმინეთსა და სლოვაკეთში. ბალტიისპირეთის ქვეყნებში და პოლონეთში მყოფ ჩვენს ჯარისკაცებთან ერთად, ეს ნიშნავს, რომ გვეყოლება რვა მრავალეროვნული საბრძოლო ჯგუფი მთლიანად აღმოსავლეთ ფლანგზე, ბალტიისპიერთიდან შავ ზღვამდე. ჩვენი უსაფრთხოების წინაშე ახალი რეალობაა. ამიტომ, ჩვენ უნდა გადავტვირთოთ ჩვენი შეკავების და თავდაცვის პოლიტიკა გრძელვადიანად“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

იენს სტოლტენბერგის განმარტებით, ხვალ ნატო-ს ლიდერები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ მხარდაჭერას უკრაინის მიმართ.

„უკრაინას აქვს თავდაცვის უფლება გაერო-ს ქარტიის შესაბამისად. ჩვენ ვეხმარებით უკრაინელებს, რომ დაიცვან ეს უფლება. 2014 წლის შემდეგ, მოკავშირეები წვრთნიდნენ უკრაინელ სამხედროებს და მნიშვნელოვნად გააძლიერეს მათი შესაძლებლობები. ამას ახლა პრაქტიკაში იყენებენ დიდი სიმამაცით. გასულ თვეში მოკავშირეებმა გაზარდეს სამხედრო მხარდაჭერა და უზრუნველყოფენ ტანკსაწინააღმდეგო, საჰაერო თავდაცვის სისტემების, უპილოტო საფრენი აპარატების, საწვავის და შეიარაღების მიწოდებას. ასევე, ფინანსურ დახმარებას და მასპინძლობენ მილიონობით ლტოლვილს. დარწმუნებული ვარ, ხვალ ლიდერები მხარს დაუჭერენ დამატებით მხარდაჭერას, რაც გულისხმობს კიბერუსაფრთხოების კუთხით დახმარებას, ასევე აღჭურვილობის მიწოდებას, რომელიც დაეხმარება უკრაინას ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული საფრთხეებისგან დაცვაში. ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა იმის უზრუნველყოფაში, რომ ომის ესკალაცია არ მოხდეს უკრაინის გარეთ და არ გადაიქცეს ნატო-ს და რუსეთის კონფლიქტად. ეს გამოიწვევს მეტ მსხვერპლს და განადგურებას“, – აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

ამასთან, სტოლტენბერგის თქმით, დარწმუნებულია, რომ შეთანხმდებიან სხვა პარტნიორების, მათ შორის საქართველოს, ბოსნია და ჰერცეგოვინასთვის მხარდაჭერის გაზრდაზე.

„დარწმუნებული ვარ, რომ შევთანხმდებით სხვა პარტნიორების მხარდაჭერის გაზრდაზე, რომლებიც რუსეთის ზეწოლის რისკის ქვეშ არიან, მათ შორის საქართველოს და ბოსნია-ჰერცეგოვინას. ევროკავშირთან ერთად მუშაობით ჩვენ უნდა დავეხმაროთ მათ, დაიცვან სუვერენიტეტი და დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების უფლება. ჩვენს წინაშეა ფუნდამენტურად შეცვლილი უსაფრთხოების გარემო, სადაც ავტორიტარი მმართველები სულ უფრო მეტად არიან მზად, გამოიყენონ ძალა თავიანთი მიზნების მისაღწევად“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ამავდროულად, სტოლტენბერგი ამბობს, რომ განიხილავენ ჩინეთის როლს ამ კრიზისში.

„პეკინი შეუერთდა მოსკოვს და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ დამოუკიდებელი ერების უფლებას, აირჩიონ საკუთარი გზა. ჩინეთი უზრუნველყოფს რუსეთის პოლიტიკურ მხარდაჭერას, მათ შორის უხეში ტყუილებისა და დეზინფორმაციის გავრცელებით. მოკავშირეები შეშფოთებული არიან, რომ ჩინეთმა შესაძლოა, უზრუნველყოს მატერიალური დახმარება რუსული შეჭრისთვის. ხვალ მიღებულ გადაწყვეტილებებს გრძელვადიანი შედეგები ექნება. უსაფრთხოების გაძლიერება მოითხოვს თავდაცვის დაფინანსების გაზრდას“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.