უკრაინის იუსტიციის მინისტრი - მობილიზაციის უფლება უნდა ჰქონდეთ ერთი მკვლელობისთვის მსჯავრდებულებსაც, პატიმრები ომში პეპლების დასაჭერად არ მიდიან,  ისინი მიდიან მოსაკლავად
უკრაინის იუსტიციის მინისტრი - მობილიზაციის უფლება უნდა ჰქონდეთ ერთი მკვლელობისთვის მსჯავრდებულებსაც, პატიმრები ომში პეპლების დასაჭერად არ მიდიან,  ისინი მიდიან მოსაკლავად

უკრაინის იუსტიციის მინისტრის, დენის მალიუსკას განცხადებით, 28 მაისის მდგომარეობით, საპატიმროები უკვე 613 ადამიანმა დატოვა და შეიარაღებულ ძალებს შეუერთდა.

მისივე თქმით, ამ ადამიანებისთვის გათვალისწინებულია რამდენიმეთვიანი ტრენინგი, რის შემდეგაც ისინი თავდასხმის ნაწილებში იმსახურებენ.

„ამჟამად ეს იქნება თავდასხმის ნაწილები, ეს იქნება დანაყოფები, რომლებიც შედგებიან ექსკლუზიურად იმ ადამიანებისგან, რომლებმაც მოიხადეს სასჯელი“,- აღნიშნა მალიუსკამ.

უკრაინის იუსტიციის მინისტრი არ არის დარწმუნებული, რომ ამ ადამიანებისთვის ეს საუკეთესო ვარიანტია, თუმცა საკითხებში სამხედროებს ეყრდნობა, რადგან „მათ უკეთ იციან“.

„ჯერ არ მივსულვართ ამ ქვედანაყოფების მიერ საბრძოლო მოქმედებებში ჩართვის ეტაპამდე, მომზადება მიდის. შესაძლოა, სიტუაცია შემდგომში შეიცვალოს, მაგრამ ჯერჯერობით ეს ცალკეული ნაწილებია. ამ დროისთვის ეს არის თავდასხმის დანაყოფები“, – განაცხადა მალიუსკამ.

მალიუსკა მხარს უჭერს იმას, რომ მობილიზაციის შესაძლებლობა იმ პატიმრებსაც მიეცეთ, რომლებიც სასჯელს ერთი მკვლელობისთვის იხდიან.

„ერთი მკვლელობისთვის მსჯავრდებულებს უნდა ჰქონდეთ მობილიზაციის უფლება. ჩვენი პატიმრები პეპლების დასაჭერად არ მიდიან, ისინი მიდიან მოსაკლავად. წარსულში მკვლელობის გამოცდილება კი ყოველთვის არ არის ბრძოლისთვის დაბრკოლება. თუ ჩვენ ვსაუბრობთ მკვლელობებზე, რომლებიც არ არის ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით ან არ არის ორი ან მეტი ადამიანის მკვლელობა. ხშირად ასეთი დანაშაულის ჩამდენი პირი არ არის საზოგადოებისთვის იმაზე უფრო საშიში, ვიდრე პირი, რომელიც ცივი იარაღის გამოყენებით 3-4 ძარცვას ახორციელებს. ზოგჯერ ადამიანი კარგავს კონტროლს საკუთარ ქმედებებზე და გარკვეულ ემოციურ ფონზე აკეთებს იმას, რაც არ უნდა გააკეთოს. მაგრამ მას შემდეგ, რაც სასჯელის მოხდა იწყება, მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა და თვითკონტროლი საგრძნობლად იცვლება და მისი მხრიდან სოციალური საფრთხე მნიშვნელოვნად მცირდება, განსხვავებით მათგან, ვინც განმეორებით ჩადის დანაშაულს და, ცივი იარაღის გამოყენებით, ფულის გამოძალვას პროფესიად აქცევს“, – განმარტა უკრაინის იუსტიციის მინისტრმა.

შეგახსენებთ, 22 მაისს ხმელნიცკის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა 50 პატიმრის მოთხოვნა ვადაზე ადრე გათავისუფლების შესახებ, რომლებმაც გამოთქვეს სურვილი, მობილიზებულიყვნენ შეიარაღებულ ძალებში ომში მონაწილეობის მისაღებად.