იენს სტოლტენბერგი - რუსეთის მხრიდან ხელშეკრულების შერჩევითი განხორციელება „ღია ცის შეთანხმებას“ ძირს უთხრის
იენს სტოლტენბერგი - რუსეთის მხრიდან ხელშეკრულების შერჩევითი განხორციელება „ღია ცის შეთანხმებას“ ძირს უთხრის

რუსეთი წლების განმავლობაში ზღუდავდა ფრენებს „ღია ცის შეთანხმებასთან“ შეუთავსებლად, მათ შორის რუსეთის ტერიტორიაზე საქართველოს საზღვრის მახლობლად, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სპეციალური სესიის დასრულების შესახებ განაცხადა.

იენს სტოლტენბერგის თქმით, რუსეთის მხრიდან ხელშეკრულების შერჩევითი განხორციელება „ღია ცის შეთანხმებას“ ძირს უთხრის.

„ნატო-ს მოკავშირეები დღეს შეხვდნენ „ღია ცის ხელშეკრულების“ განსახილველად. ჩვენ მტკიცედ ვართ მოწოდებული, რომ შევინარჩუნოთ საერთაშორისო იარაღის კონტროლი, განიარაღება და გაუვრცელებლობა. შევთანხდით, რომ „ღია ცის შეთანხმების“ ყველა ქვეყანამ უნდა შეასრულოს თავისი ვალდებულებები. ნატო-ს ყველა მოკავშირე სრულად იცავს ხელშეკრულების ყველა დებულებას. რუსეთი წლების განმავლობაში აწესებდა ფრენის შეზღუდვებს „ღია ცის შეთანხმებასთან“ შეუთავსებლად, მათ შორისაა კალინინგრადში ფრენების ლიმიტირება და რუსეთის ტერიტორიაზე საქართველოს საზღვრის მახლობლად ფრენების შეზღუდვა. რუსეთის მხრიდან ხელშეკრულების შერჩევითი განხორციელება „ღია ცის შეთანხმებას“ ძირს უთხრის. წლების განმავლობაში, მათ შორის ნატო-ს წარმატებულ სამიტებზე, მოკავშირეები მოუწოდებდნენ რუსეთს, დაეცვა შეთანხმება. აშშ-მა რუსეთი ხელშეკრულების დარღვევაში დაადანაშაულა და ახლა გამოაცხადა, რომ აპირებს ხელშეკრულებიდან გასვლას შემდეგ ექვს თვეში, ხელშეკრულების დებულებების შესაბამისად. აშშ-მა განაცხადა, რომ შესაძლოა, გადახედოს გადაწყვეტილებას, თუ რუსეთი ხელშეკრულების სრულ შესაბამისობაში დაბრუნდება“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ნატო-ს გენერალური მდივნის თქმით, ნატო-ს მოკავშირეები და პარტნიორი ქვეყნები ჩართული არიან რუსეთთან, რომ რუსეთი შეძლებისდაგვარად სწრაფად დაუბრუნდეს შეთანხმების სრულ შესაბამისობას.

სტოლტენბერგმა ასევე აღნიშნა, რომ სამხედრო რისკების შემცირებისთვის და გამჭვირვალობისთვის, ნატო-ს მოკავშირეები რუსეთთან ღია დიალოგს ემხრობიან. „ღია ცის შეთანხმების“ ხელმომწერი 34 ქვეყანაა. შეთანხმება ქვეყნებს საშუალებას აძლევს იფრინონ ერთმანეთის ტერიტორიაზე, გამჭვირვალობისა და ნდობის გასაძლიერებლად. აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ვერ ხედავენ ხელშეკრულებაში დარჩენის ღირებულებას, რადგან რუსეთი უარს აცხადებს დაუშვას სადამკვირვებლო ფრენები კალინინგრადში და რუსეთის საზღვრიდან 10 კილომეტრში, რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში, აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში.