იენს სტოლტენბერგი - ნატო-ს გარეშე ევროპაში არ არის უსაფრთხოება, ახლა ალიანსის მიღმა ხედვის დრო არ არის, ახლა ჩვენი ალიანსის გაძლიერებისა და გაფართოების დროა
იენს სტოლტენბერგი - ნატო-ს გარეშე ევროპაში არ არის უსაფრთხოება, ახლა ალიანსის მიღმა ხედვის დრო არ არის, ახლა ჩვენი ალიანსის გაძლიერებისა და გაფართოების დროა

ნატო-ს გარეშე ევროპაში არ არის უსაფრთხოება, ახლა ალიანსის მიღმა ხედვის დრო არ არის, ახლა ჩვენი ალიანსის გაძლიერებისა და გაფართოების დროა, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.

როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, უკრაინაში რუსეთის შეჭრა მოულოდნელი არ ყოფილა.

„ჩვენ შეიძლება, შოკირებული ვართ უკრაინაში რუსეთის შეჭრით, მაგრამ ეს მოულოდნელი არ ყოფილა. ეს არის წლების განმავლობაში რუსული აგრესიის ნიმუში. თვეების განმავლობაში ყველა ძალისხმევა ჩავდეთ რუსეთთან დიპლომატიურ ჩართულობაში. მიუნხენის კონფერენციამდე რამდენიმე დღით ადრე მე მოვუწოდე პრეზიდენტ პუტინს, უკან დაეხია. ჩვენი სამშვიდობო მოწოდებების მიუხედავად, მან თავდასხმა აირჩია.

ჩვენ ომიდან გაკვეთილები უნდა ვისწავლოთ. პირველი, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ და გავაძლიეროთ უკრაინის დახმარება. პუტინი არ გეგმავს მშვიდობას, ის გეგმავს მეტ ომს, ახალ თავდასხმებს. არ არის მტკიცებულება, რომ მან ამბიციები შეცვალა. ის ახდენს ასიათასობით ჯარისკაცის მობილიზებას, გადაჰყავს რუსული ეკონომიკა სამხედრო ჩარჩოში, კავშირი აქვს სხვა ავტორიტარულ რეჟიმებთან, როგორებიც არიან ირანი და ჩრდილოეთ კორეა, რათა მიიღოს მეტი შეიარაღება. ჩვენ უნდა მივცეთ უკრაინას ის, რაც გამარჯვებისთვის სჭირდება, რომ იყოს ევროპის სუვერენული სახელმწიფო. არის წუხილი, რომ უკრაინისადმი ჩვენი დახმარება ესკალაციას ზრდის. ნება მიბოძეთ, გითხრათ, უფრო დიდი რისკი პუტინის გამარჯვებაა. პუტინი თუ გაიმარჯვებს უკრაინაში, გზავნილი მისთვის და სხვა ავტორიტარი ლიდერებისთვის იქნება ის, რომ მათ შეუძლიათ, გამოიყენონ ძალა იმის მისაღებად, რაც სურთ. ამით მსოფლიო უფრო სახიფათო იქნება. ასე რომ, უკრაინის დახმარება არის ჩვენი უსაფრთხოების ინტერესებში.

ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი შეკავება და თავდაცვა. ომები არაპროგნოზირებადია და არ ვიცით, როდის და როგორ დასრულდება, მაგრამ ვიცი, რომ ეს ომი ხვალაც რომ დასრულდეს, ჩვენი უსაფრთხოების გარემო გრძელვადიანად შეიცვლება. კრემლს განსხვავებული ევროპა სურს, როდესაც რუსეთი აკონტროლებს მეზობლებს. ჩვენ ასევე ვიცით, რომ ვითარებას აქტიურად აკვირდება პეკინი, რომ დაინახოს საფასური, რასაც რუსეთი იხდის. რაც დღეს ევროპაში ხდება, შეიძლება, ხვალ აზიაში მოხდეს. უკრაინის ომი აჩვენებს, რომ უსაფრთხოება არ არის რეგიონული, ის გლობალურია“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

ამასთან, მისივე თქმით, „მესამე გაკვეთილი არის საზოგადოების მოქნილობის გაძლიერება“.

„სამხედრო ძალები აუცილებელია ჩვენი უსაფრთხოების დასაცავად, მაგრამ არასკმარისია. ჩვენ ასევე უნდა დავიცვათ კიბერსივრცე, მომარაგების ჯაჭვები და ინფრასტრუქტურა. უკრაინის ომმა აჩვენა ავტორიტარული რეჟიმების საფრთხე. ცოტა ხნის წინ, ბევრი ამტკიცებდა, რომ რუსული გაზის იმპორტირება წმინდად ეკონომიკური საკითხი იყო, ასე არ არის. ეს პოლიტიკური საკითხია. ეს ჩვენს უსაფრთხოებას ეხება, რადგან რუსულ გაზზე ევროპის დამოკიდებულებამ დაუცველი გაგვხადა. ჩვენ არ უნდა დავუშვათ მსგავსი შეცდომები ჩინეთთან და სხვა ავტორიტარულ რეჟიმებთან. ჩვენ არ უნდა ვიყოთ პროდუქციის და ნედლეულის იმპორტირებაზე ზედმეტად დამოკიდებული, თავიდან უნდა ავირიდოთ გადამწყვეტი მნიშვნელობის ტექნოლოგიების ექსპორტი, რომლებიც, შესაძლოა, ჩვენ წინააღმდეგ იყოს გამოყენებული. უნდა გავაგრძელოთ ჩინეთთან ვაჭრობა და ეკონომიკური ჩართულობა, მაგრამ ჩვენმა ეკონომიკურმა ინტერესებმა ჩვენს უსაფრთხოების ინტერესებს არ უნდა გადააჭარბოს. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენს მეგობრებთან და მოკავშირეებთან ვაჭრობა გვაძლიერებს. არ უნდა შევქმნათ ახალი ბარიერები თავისუფალ და ღია ეკონომიკებს შორის.

ამ ომიდან ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილია, რომ ჩრდილოეთ ამერიკა და ევროპა ერთად უნდა იდგნენ. უფრო სახიფათო მსოფლიოში ჩვენ გვჭირდება ტრანსატლანტიკური კავშირი იმაზე მეტად, ვიდრე ოდესმე. ნატო-ს გარეშე ევროპაში არ არის უსაფრთხოება. ასე რომ, ახლა ალიანსის მიღმა ხედვის დრო არ არის, ახლა ჩვენი ალიანსის გაძლიერებისა და გაფართოების დროა“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.