იენს სტოლტენბერგი - ნათელია, რომ ეს არ მოხდება ხვალ, მაგრამ უკრაინა და საქართველო ნატო-ს წევრები იქნებიან
იენს სტოლტენბერგი - ნათელია, რომ ეს არ მოხდება ხვალ, მაგრამ უკრაინა და საქართველო ნატო-ს წევრები იქნებიან

მხარს ვუჭერთ საქართველოსა და უკრაინის ძალისხმევას რეფორმების გატარებისა და ნატო-ს სტანდარტებთან დაახლოების კუთხით და როცა ალიანსის 30 წევრი შეთანხმდება, რომ ეს ქვეყნები გასაწევრიანებლად მზად არიან, ისინი ნატო-ს წევრები გახდებიან, – ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში განაცხადა.

მისი თქმით, ნებისმიერი სუვერენული ქვეყნის უფლებაა, განსაზღვროს საკუთარი გზა.

„ის აზრი, თითქოს რუსეთის მეზობელი ქვეყნების ნატო-ში გაწევრიანება მოსკოვისთვის პროვოკაციას წარმოადგენს, აბსოლუტურად არასწორია. სწორედ ესაა პროვოკაცია. როდესაც ერთი ქვეყანა გადაწყვეტს, ნატო-ში გაწევრიანდეს, ეს საკითხი ეხება მხოლოდ ნატო-ს და ამ ქვეყანას, მეტს არავის. რუსეთს სურს, რომ მსოფლიოში გავლენის სფეროები არსებობდეს და, შესაბამისად, ის საკუთარ მეზობელ ქვეყნებს აკონტროლებდეს. ეს არაა ის, რაშიც მე მსურს რომ ვიცხოვრო. დასავლეთში ისმის ხმები, რომ ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან რუსეთის პროვოკაციას ვახდენთ, მაგრამ შემდეგ ისინი ამბობენ, რომ პატარა ქვეყნებს არ აქვთ არჩევანი. ნორვეგიაც პატარა ქვეყანაა და რუსეთის მეზობელი, მაგრამ ჩვენ გავხდით ნატო-ს წევრი ბრიტანეთის პრემიერის, პრეზიდენტ ტრუმენის და სხვა ლიდერების დამსახურებით, რომლებმაც თქვეს, რომ თუ ნორვეგიას სურს ნატო-ს წევრობა, მას შეუძლია გახდეს ნატო-ს წევრი. სტალინი ვერ გადაწყვეტს, ნორვეგია გახდება თუ არა ნატო-ს წევრი, ასე რომ, ჩვენ გავხდით ნატო-ს წევრი. შესაძლოა, მოვახდინეთ რუსეთის პროვოცირება, მაგრამ სანაცვლოდ ძალიან ბედნიერი ოჯახის ნაწილი ვართ“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ალიანსში გაწევრიანების საკითხზე საუბრისას, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ეს მხოლოდ უკრაინის, საქართველოს და ნატო-ს გადასაწყვეტია და „არც რუსეთის, არც არავის“.

„ეს არის ჩემი მთავარი გზავნილი. ასე რომ, მხოლოდ უკრაინის, საქართველოს და ნატო-ს გადასაწყვეტია, არც რუსეთის, არც არავის. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოსა და უკრაინის ძალისხმევას, რეფორმების გატარებისა და ნატო-ს სტანდარტებთან დაახლოების კუთხით და როცა 30 წევრი შეთანხმდება, რომ ეს ქვეყნები გასაწევრიანებლად მზად არიან, ისინი ნატო-ს წევრები გახდებიან. ვერ გეტყვით, ეს როდის მოხდება“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

მისივე თქმით, უკრაინა და საქართველო გახდებიან ნატო-ს წევრები, თუმცა „ეს არ მოხდება ხვალ“.

აქვე, როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, ასპირანტი ქვეყნების დახმარების საკითხზე აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ესაუბრა.

„ჩემი აზრით, ნათელია, რომ ეს არ მოხდება ხვალ, მაგრამ უკრაინა და საქართველო ნატო-ს წევრები იქნებიან. ამიტომ, მინდა, მივმართო ჩვენს ნატოელ მოკავშირეებს და ამაზე ჯო ბაიდენთანაც ვისაუბრეთ: უნდა გავზარდოთ ჩვენი ძალისხმევა და მეტი გავაკეთოთ ასპირანტი ქვეყნებისთვის. ვიდრე ისინი არ არიან წევრები, მეტად უნდა დავეხმაროთ მათ უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროებში ინსტიტუტების ჩამოყალიბებაში, რეფორმების გატარებასა და კორუფციასთან ბრძოლაში.

იმედი მაქვს, რომ მივალთ ამბიციურ გადაწყვეტილებებამდე მომავალი სამიტისთვის, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს არ ცვლის ქვეყნის სუვერენულ უფლებას თავად განსაზღვროს საკუთარი გზა“, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

ალიანსის გენერალურმა მდივანმა ნატო-სა და რუსეთის ურთიერთობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთთან მიმართებაში ოპტიმისტური განწყობა შეიცვალა ნაწილობრივ 2008 წელს, როცა რუსეთი შევიდა საქართველოში და შემდეგ 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიით.

ნატო-სა და რუსეთს შორი ურთიერთობა ახლა ალბათ „ცივი ომის“ შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. „ცივი ომის“ შემდეგ ჩვენ გვეგონა, რომ შეგვეძლო რუსეთთან ურთიერთობის დამყარება, პარტნიორობა, შეიქმნა ნატო-რუსეთის საბჭო, მახსოვს ვესწრებოდი ნატო-ს სამიტებს, სადაც იმავე შეხვედრებს ესწრებოდა პრეზიდენტი პუტინი, იყო პოლიტიკური დიალოგი და ბევრი ჩვენგანი საკმაოდ ოპტიმისტურად იყო განწყობილი. შემდეგ, ეს შეიცვალა, ნაწილობრივ 2008 წელს, როცა რუსეთი შევიდა საქართველოში, რათა კონტროლი დაემყარებინა საქართველოს ტერიტორიებზე. შემდეგ დიდი ცვლილება მოხდა 2014 წელს ყირიმის უკანონო ანექსიით და აღმოსავლეთ უკრაინის დესტაბილიზაციით. ამის შემდეგ, ჩვენ ვნახეთ უფრო აგრესიული რუსეთი საზღვრებს გარეთ და უფრო რეპრესიული რუსეთი ქვეყნის შიგნით. ეს სერიოზულია, კარგი ამბავი ის არის, რომ ნატო-მ ძალიან გადამწყვეტი და ერთიანი გზით უპასუხა. ჩვენ გვაქვს ასეთი მიდგომა, როცა ჩვენ ვართ ერთიანი და ძლიერი ჩვენ შეგვიძლია, ვესაუბროთ რუსეთს და ჩვენ უნდა ვესაუბროთ რუსეთს, რადგან არ გვსურს ახალი „ცივი ომი“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.