იენს სტოლტენბერგი - მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ უნდა დავეხმაროთ სხვა პარტნიორებსაც, მათ შორის საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინას, გააძლიერონ მედეგობა და მიეცეთ საშუალება, თავი დაიცვან
იენს სტოლტენბერგი - მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ უნდა დავეხმაროთ სხვა პარტნიორებსაც, მათ შორის საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინას, გააძლიერონ მედეგობა და მიეცეთ საშუალება, თავი დაიცვან

ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონული პარტნიორობის მხარდაჭერა. შევთანხმდით, თანამშრომლობა გავაძლიეროთ ჩვენს პარტნიორებთან, რადგანაც კრიზისს აქვს გლობალური მასშტაბი, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა საგარეო საქმეთა მინისტერიალის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„რა თქმა უნდა, მოკავშირეები და პარტნიორები გმობენ იმ დანაშაულს, იმ მკვლელობებს, რისი მომსწრეც გავხდით უკრაინაში, უფრო კონკრეტულად, ბუჩაში. მნიშვნელოვანია, რომ ყველა პასუხისმგებელი პირი გასამართლდეს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო დონეზე დაიწყოს გამოძიება“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

მისივე თქმით, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება შეხვდა მოკავშირეებს.

„მოკავშირეები ძალიან აქტიურად მუშაობენ და მათ აქვთ მოტივაცია, უფრო აქტიურად, საკმაოდ ხანგრძლივად იმუშაონ, რათა დავეხმაროთ მამაც უკრაინელებს, დაიცვან თავიანთი ქვეყანა, საკუთარი მოქალაქეები და შესაბამისად, გააძევონ რუსული ჯარები. ასევე, მოკავშირეები აძლიერებენ ფინანსურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას. ჩვენ ვისაუბრეთ მხარდაჭერის შესახებ კიბერუსაფრთხოების კუთხით. ასევე, დავეხმარებით უკრაინას, დაიცვას თავი ქიმიური და ბიოლოგიური საფრთხეებისგან. მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ ჩვენ სხვა პარტნიორებსაც უნდა დავეხმაროთ, თავიანთი მედეგობა გააძლიერონ და შესაბამისად, მიეცეთ საშუალება, თავი დაიცვან. მათ შორის საქართველო და ბოსნია-ჰერცეგოვინა. საქართველოს შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია, გავზარდოთ მხარდაჭერა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის მიმართულებით. მაგალითად, კომუნიკაციების მიმართულებით და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით. ბოსნია და ჰერცეგოვინას მიმართულებით ჩვენ შეგვიძლია, თავდაცვითი შესაძლებლობების ზრდის პაკეტი წარვადგინოთ. ჩვენ გვაქვს სრული თანხმობა ამ მიმართულებით“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ნატო-ს მინისტერიალზე იმყოფებიან საქართველოს, ფინეთისა და ევროკავშირის წარმომადგენლები, ასევე ავსტრალია, იაპონია, ახალი ზელანდია და სამხრეთი კორეა.

„იმიტომ, რომ რუსეთის მიერ მიყენებული ზიანი არის გლობალური და რაც ხდება უკრაინაში, ამას ყველა ძალიან აქტიურად ადევნებს თვალყურს. რა თქმა უნდა, ჩვენ ვგმობთ რუსეთის აგრესიას და შესაბამისად მნიშვნელოვანია რუსეთმა შეძლოს თავისი გზის არჩევა დამოუკიდებლად. ეს არის უზომოდ დიდი გამოწვევა და ძალიან მნიშვნელოვანია ერთიანი ვიყოთ, რათა ღირებულებები აქტიურად დავიცვათ“, – აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

მისივე თქმით, ნატო და მისი პარტნიორები შეთანხმდნენ, რომ პრაქტიკული და პოლიტიკური თანამშრომლობა გააძლიერონ კიბერ, ახალი ტექნოლოგიებისა და დეზინფორმაციასთან ბრძოლის მიმართულებით.

„ჩვენ ასევე აქტიურად ვიმუშავებთ სხვა მიმართულებითაც. მაგალითად, საზღვაო უსაფრთხოება, კლიმატის ცვლილებები და მედეგობა. სწორედ იმიტომ, რომ გლობალური გამოწვევები მოითხოვს გლობალურ გადაწყვეტებს. მინისტრებმა ასევე ისაუბრეს ჩვენს სამომავლო ურთიერთობაზე რუსეთთან. სანქციები, რომელიც დაწესდა ნატო-ს მოკავშირეებისა და პარტნიორების მიერ, გახლავთ უპრეცედენტო. რა თქმა უნდა, ეს აზიანებს პრეზიდენტ პუტინის საომარ მანქანას. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ზემოქმედება, რათა მალე დასრულდეს ეს გაუგონარი ომი“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

მისივე თქმით, სტრატეგიული კონცეფცია შეჯამდება მადრიდის სამიტზე.

„მინისტრები შეთანხმდნენ, რომ ნატო-ს შემდგომი სტრატეგიული ნაბიჯი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება იმისთვის, რათა გავუმკლავდეთ და ვებრძოლოთ რუსეთს. ასევე, უნდა გავითვალისწინოთ, როგორი ზეგავლენა ექნება ჩინეთს ჩვენს უსაფრთხოებაზე. სტრატეგიული კონცეფცია შეჯამდება მადრიდის სამიტზე ივნისში. ეს იქნება ასე ვთქვათ გზამკვლევი ჩვენი პარტნიორებისთვის და ალიანსის მოკავშირეებისთვის, შევხედოთ. როგორ უნდა ვიმოქმედოთ.  განვიხილეთ ქარტია უსაფრთხოების მიმართულებით. ასევე, 60 ინოვაციური პუნქტი იქნება სამხრეთ ამერიკასა და ევროპაში. ჩვენ კერძო სექტორთან, აკადემიურ წრესთან აქტიურად ვითანამშრომლებთ, რათა ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით გამოვიყენოთ თანამედროვე ტექნოლოგიები“, – დასძინა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.